გიორგი ცერცვაძის დაკავება

ხოშტარია: მთავრობის განცხადებები ნიშნავს, რომ ცერცვაძეს მტერ სახელმწიფოს ვაბარებთ

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობა შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრების პარლამენტში მისვლას ვიცეპოლკოვნიკის საქმესთან დაკავშირებით ითხოვს - ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

"ჩვენ დღეს სპეციალურად ვესწრებით ბიუროს სხდომას იმისთვის, რომ მოვითხოვოთ კატეგორიულად შინაგან საქმეთა მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრის და იუსტიციის მინისტრის მოყვანა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე. გარდა იმისა, რომ მთავრობამ უნდა მოგვცეს კონკრეტული განმარტება, თუ როგორ მოხვდა პერსონალური ინფორმაცია ჩვენი სამხედროს შესახებ ჩვენი მტერი ქვეყნის ბაზაში. დღეს სახელმწიფოს რეაგირებაზე არის დამოკიდებული, გადასცემენ თუ არა ამ ადამიანს რუსეთს და, ზოგადად, ამ ადამიანის ბედი და ჩვენი ქვეყნის ღირსება", - ამბობს ხოშტარია.

ელენე ხოშტარია ასევე გამოეხმაურა ზაქარია ქუცცნაშვილის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ მკვლელების ნაწილში მე ვფიქრობ, უნდა ვითანამშრომლოთ [ოკუპანტ ქვეყანასთან].

"თუ ჩვენ ვაპირებთ, რომ აი, იმ რეაქციებით, რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ, ქუცნაშვილის რეაქციით, რომელმაც მას უწოდა მკვლელი და თქვა, რომ უნდა ვითანამშრომლოთ [რუსეთთან], მთავრობის რეაქციით, რომელიც ამბობს, რომ მათ ეს არ ეხებათ და არაფერი არ იციან, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საერთოდ, ჩვენს ღირსებასთან ერთად ამ კონკრეტული ადამიანის ბედს ვაბარებთ მტერ სახელმწიფოს. ამიტომ, ჩვენ გვექნება კატეგორიული მოთხოვნა, ეს არ არის ჩვენი პარტიის ინტერესი, ეს არის ქვეყნის და ყველა ადამიანის ინტერესი, ეს არის საზოგადოებრივი ინტერესი, რომ მოვიდნენ მინისტრები, გასცენ პასუხები კითხვებზე და მოგვცენ გარანტია, რომ ცერცვაძე არ იქნება გადაცემული რუსეთისათვის" - თქვა ხოშტარიამ.

ქართველი ჯარისკაცი, გიორგი ცერცვაძე რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში, საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. ცერცვაძეს, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს, თუმცა მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წელს გამოცხადდა. ქართველი ჯარისკაცი ამ დროისთვის უკრაინის ციხეში იმყოფება.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართველი სამხედროს პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან აღმოჩნდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება რომ, ინტერპოლის წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, ერთმანეთთან საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მიზნებისათვის გაცვალონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია.

 

 

კომენტარები