ახალგაზრდების კვლევა

FES: ახალგაზრდების 91%-ს ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის სწამს

ადამის შექმნა - მიქელანჯელო ბუონაროტი
wikimedia

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების უმრავლესობა მიაკუთვნებს საკუთარ თავს რაიმე რელიგიურ მიმდინარეობას: უდიდესი წილი, 85% აცხადებს, რომ არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, წილის სიდიდის თვალსაზრისით, 10%-ით მათ მოსდევენ მუსლიმი ახალგაზრდები. 

ამასთან ახალგაზრდების აბსოლუტურ უმრავლესობას, მათ 97%-ს სწამს ღმერთის არსებობის, ასევე ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის 91%-ს.

კვლევის მეთოდოლოგია შემუშავდა ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის (ACT) მიერ ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის მოთხოვნების შესაბამისად. კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს და 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში ჩატარდა. მეთოდოლოგია მოიცავდა პირისპირ ინტერვიუებს და ფოკუსჯგუფის დისკუსიებს. ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 1200 პირისპირ ინტერვიუ და 24 ფოკუსჯგუფის დისკუსია. კვლევის ფოკუსს წარმოადგენდა ახალგაზრდა თაობის სოციალურ-ეკონომიკურ თემებთან არსებული გამოცდილებისა და დამოკიდებულებების შესწავლა.

კომენტარები