გიორგი ცერცვაძის საქმე

თარგამაძე: უკრაინის გენ. პროკურორი გარანტიას იძლევა. ცერცვაძეს გაათავისუფლებენ

ტაბულა

გივი თარგამაძე ამბობს, რომ იგი ესაუბრა უკრაინის გენერალურ პროკურორს, იური ლუცენკოს და მისგან მიიღო გარანტია, რომ ხუთშაბათს დაგეგმილ სააპელაციო სასამართლოზე ვიცეპოლკოვნიკ გია ცერცვაძეს გაათავისუფლებენ. 

"მთელი დღის განმავლობაში მქონდა კომუნიკაცია უკრაინის გენერალურ პროკურორთან. ჩვენ დიდი ხნის ნაცნობობა გვაკავშირებს ერთმანეთთან. ვინაიდან, ახლა მივიღე სასიხარულო პასუხი, ჩავთვალე, რომ ქალბატონ ტატიანას [გია ცერცვაძის მეუღლეს] რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვაცნობო ეს პასუხი. პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ ლუცენკოს კომუნიკაცია უკრაინაში ქართულ ლეგიონთან შედგა და მათ სიტყვიერად დაუდასტურეს გიას მონაწილეობა ყველა იმ ოპერაციაში, რომელზეც ჩვენ გვქონდა აქამდე საუბარი და ამაზე დაყრდნობით, ლუცენკო იძლევა გარანტიას, რომ სააპელაციო სასამართლოზე გიას გაათავისუფლებენ," - აცხადებს გივი თარგამაძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში" სატელეფონო ჩართვისას.


ფოტო: Facebook/ Givi Targamadze

ჯარისკაცი გიორგი ცერცვაძე რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში, საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. ცერცვაძეს, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს, თუმცა, მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წელს გამოცხადდა. ქართველი ჯარისკაცი ამ დროისთვის უკრაინის ციხეში იმყოფება.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართველი სამხედროს პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან აღმოჩნდა.

ვიცეპოლკოვნიკ გია თარგამაძის გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე საპროტესტო აქციაც გაიმართა. 

კომენტარები