სიგარეტის უაქციზოდ გასაღება

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტი ამოიღო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საკუთარ სავაჭრო ობიექტში, სხვადასხვა ფიზიკურ პირზე მალულად გაასაღა მარკირებას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი "მასტერი". საგამოძიებო სამსახურის მიერ უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მე-200 და 210-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 2-დან 4 წლამდე პატიმრობას.

"აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ საგამოძიებო სამსახური, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს, რათა არ მოხდეს ქვეყნის ტერიტორიაზე კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის შემოტანა", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები