ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

მთავრობა ჯოზეფ დოლის: ვერ მოვემსახურებით დაუსჯელობის სინდრომის დანერგვას

radiotavisupleba.ge

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, ჯოზეფ დოლის მიმართვას ეხმაურება, სადაც დოლი მოუწოდებს პრემიერმინისტრს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაპატიმრებული ყოფილი მაღალჩინოსნები. ადმინისტრაციის განცხადებით, მართლმსაჯულებას სასამართლო ხელისუფლება ახორციელებს და მთავრობა მის საქმიანობაში ვერ ჩაერევა.

"საქართველო არის ევროპული, ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა, რომელიც წარმატებით ნერგავს ევროპულ სტანდარტებს. 2012 წლის შემდეგ, საქართველოს განსაკუთრებული პროგრესი, ევროპული დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში, აღიარებულია, როგორც ევროკავშირის, ასევე სხვა პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. საქართველომ შეძლო, გადაქცეულიყო ქვეყნად, რომლის ძირითადი ღირებულება არის ადამიანის თავისუფლება.

დემოკრატიულ სისტემაში, დამნაშავეები პასუხს აგებენ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის, მათ შორის ძალადობრივი დანაშაულის გამო, რომელსაც შედეგად მოჰყვა ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა, წამება, პატივისა და ღირსების შელახვა. 

საქართველოს მთავრობა ვერ ჩაერევა, სასამართლოს მიერ, ასეთი დანაშაულებისათვის პასუხისგებაში მიცემული პირების სასჯელისაგან გათავისუფლების პროცესში, მხოლოდ და მხოლოდ მათი პოლიტიკური კუთვნილების გამო, და ვერ მოემსახურება დაუსჯელობის სინდრომის დანერგვას, რაც ასევე დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.

ეს არ არის დასავლური, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ღირებულებები.
საქართველოს მთავრობის ერთგულებას ამ ღირებებულებისადმი, ვერც ერთი პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება ვერ შეცვლის", - აცხადებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.

კომენტარები