ნდობის ჯგუფი

უმცირესობა კომერციულ საიდუმლოებებზე ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფის შექმნას ითხოვს

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობა კომერციულ ინტერესებთან დაკავშირებულ სახელმწიფო საიდუმლოებებზე ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფის შექმნას ითხოვს. ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარის სერგო რატიანის თქმით, ისინი შესაბამის კანონცვლილებას დაარეგისტრირებენ. მისივე თქმით, ნდობის ჯგუფში თითო ფრაქციიდან თითო დეპუტატი უნდა შევიდეს.

"ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფის შექმნის საფუძველი იქნება საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის მქონე, ასევე სტრატეგიულ ობიექტებსა და მიმართულებებთან დაკავშირებულ კომერციულ გარიგებებზე ინფორმაციის გამოთხოვა, გამოკვლევა და შესაბამისი რეაგირება პარლამენტის მხრიდან. ეს იქნება კომერციული საიდუმლოებები, რომელიც ეხება სახელმწიფო ინტერესს, სახელმწიფო უშიშროების, უსაფრთხოების ინტერესს, ასევე ეკონომიკურ ინტერესს", - ამბობს რატიანი და განმარტავს, რომ ახალი ნდობის ჯგუფის შექმნა აქტუალური გახადა გაზპრომთან დაკავშირებულმა მოვლენებმა.

"მას შემდეგ, რაც გამოგვიცხადა ხელისუფლებამ, რომ არ გაგვაცნობდა არც საზოგადოებას და არც პარლამენტის წევრებს შეთანხმების დეტალებს. სწორედ მსგავსი შემთხვევისთვის უნდა იქმნებოდეს ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფი, რომელიც ამ პრობლემებს გააკონტროლებს", - ამბობს რატიანი.

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის განმარტებით, პარლამენტში უკვე არსებობს ნდობის ჯგუფი, მაგრამ მას წვდომა მხოლოდ სახელმწიფო საიდუმლოებებზე აქვს და არ ითვალისწინებს კომერციულ ინტერესებს.

"ამიტომ, უნდა შეიქმნას მსგავსი ფორმატი, კომერციულ საიდუმლოებებთან დაკავშირებული ნდობის ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო ინტერესებთან", - ამბობს რატიანი.

ცნობისთვის, ხელისუფლება Gazprom-თან გასაფორმებელი კონტრაქტის პირობებს არ ასაჯაროებს და აცხადებს, რომ დოკუმენტი კომერციული საიდუმლოებაა. შესაბამისად, საზოგადოებისთვის უცნობი დარჩება, თუ რას მიიღებს საქართველო მაგისტრალური გაზსადენით სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ.

გაზპრომ ექსპორტთან გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ოპოზიციასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებიც ითხოვენ. 

როგორც ცნობილია, საქართველო 2018 წლიდან მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულადი სახით მიიღებს. 2017 წლის მანძილზე კი ისევ ნედლეულით ანაზღაურება მოხდება. 

Gazprom-ი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას გასულ წელსაც სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა.

კომენტარები