Bloomberg

ჭიაბერაშვილი: საგანგაშოა, რომ საქართველო მაღალი რისკის მქონე ქვეყნების ჯგუფშია

ზურაბ ჭიაბერაშვილი
ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, Bloomberg-ის გლობალური რისკების ინდექსში საქართველოს პოზიცია საგანგაშოა. ინდექსის მიხედვით, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ქულა აქვს მინიჭებული, რის გამოც ის ყველაზე რისკიანი ქვეყნების რიგებში იმყოფება. საქართველოსთვის მინიჭებული ქულა 100-დან 11.6-ია.

"Bloomberg-ზე გამოქვეყნდა რანჟირება იმ ქვეყნებისა, თუ სად არის ინვესტიციები დაცული და სად ღირს ინვესტიციების ჩადება. საქართველო მოხვდა მაღალი რისკის ქვეყნების ჯგუფში, სადაც ინვესტიციების განხორციელება არ ღირს. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი სიგნალი და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, თუ როგორ აღიქვამს საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში მიმდინარე მძიმე ეკონომიკურ პრობლემებს და იმ კრიზისს, რაც ქვეყანაშია.

თუ საქართველო დარჩება ამ რისკის ჯგუფში, სადაც ინვესტიციების ჩადება არ ღირს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ კიდევ უფრო ცუდი ეკონომიკური პერსპექტივა გველოდება, რადგანაც ჩვენი ეკონომიკის წინსვლა დიდად არის დამოკიდებული ინვესტიციების შემოდინებაზე. ამ მთავრობის პირობებში ეს გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რათა საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივა და მომავალი მოესპო", - ამბობს ჭიაბერაშვილი.

Bloomberg-ის ინდექსი რამდენიმე კრიტერიუმისგან შედგება:

1) სავალუტო რეზერვების მიმართება ეკონომიკის ზომასთან:

სავალუტო რეზერვების მიმართება მთლიან შიდა პროდუქტთან (გარდა ოქროს რეზერვებისა), ამ კრიტერიუმით იზომება თუ რამდენად იცავს რეზერვები ეკონომიკას შოკისგან - ამ კრიტერიუმში საქართველოს 12.6% აქვს მიღებული, რაც მის მიერ მიღებულ ყველაზე მაღალ ქულას წარმოადგენს. რეზერვების ეკონომიკის ზომასთან მიმართება ყველაზე მაღალი ჰონკონგსა და შვეიცარიაშია, მათ 96 და 84 ქულა აქვთ ამ კატეგორიაში მიღებული. სავალუტო რეზერვების ეკონომიკის ზომასთან მიმართებით, ყველაზე დაბალი 0.5 ქულა აშშ-ს აქვს მიღებული, მის შემდეგ 0.8 ქულით ირლანდია იმყოფება.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის 31 დეკემბრისთვის საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა $2.56 მილიარდია, რაც რეზერვების მოცულობის პიკურ პერიოდს - 2013 წლის ოქტომბერს - 12.6%-ით ჩამოუვარდება, მაშინ სავალუტო რეზერვები დაახლოებით $2.9 მილიარდს შეადგენდა. 2016 წლის მანძილზე კი სავალუტო რეზერვები დაახლოებით 10%-ით გაიზარდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) კლასიფიკაციით, ქვეყნების სავალუტო რეზერვები მათი სამი თვის იმპორტის მაჩვენებლებზე ნაკლები არ უნდა იყოს, რაც საქართველოს შემთხვევაში დაახლოებით $2.2 მილიარდია (დეკემბერი, ნოემბერი, ოქტომბერი)

2) უმუშევრობის მაჩვენებელი:

Bloomberg-ის ინდექსში უმუშევრობის მაჩვენებელი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგანაც ის პირდაპირ ასახავს იმ რისკს, რასაც უმუშევრობა წარმოადგენს. ამ კრიტერიუმში საქართველოს უმუშევრობის მაჩვენებელი 11.4%-ია. ინდექსში მონაწილე ქვეყნებიდან ყველაზე დაბალი უმუშევრობა - 0.3% კატარსა და 0.6% ტაილანდშია. ყველაზე მაღალი - 23% საბერძნეთსა და 26% ესპანეთში.

3) ინფლაცია:

Bloomberg-ის მიხედვით, საქართველოს ინფლაციის მაჩვენებელი 4.4%-ია. ამ მაჩვენებლით, რეიტინგის ბოლო ადგილზე ვენესუელაა, სადაც 423%-იანი ინფლაციაა. ყველაზე დაბალი ინფლაცია კი შვეიცარიაშია - 0.3%.

Bloomberg-ის მიხედვით, ყველაზე დაბალი რისკები ნორვეგიასა და შვეიცარიაშია - 96.5 ქულა და 95.8 ქულა. ყველაზე მაღალი რისკები კი - ვენესუელასა და ტანზანიაში (3.1 ქულა და 3.6 ქულა).

კომენტარები