თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ N153-ე საბავშვო ბაგა-ბაღის
აღმზრდელის მიერ აღსაზრდელზე შესაძლო ძალადობის ფაქტის შესწავლა დაიწყო.
ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
საქმე ეხება მუხიანში მდებარე 153-ე საბავშვო ბაღის აღმზრდელს, რომელსაც ერთ-ერთი ბავშვის მშობელი თავისი შვილის ცემაში ადანაშაულებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მომხდარის დეტალებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახური დილიდან ადგილზე არკვევს.
გარდა ამისა, საკითხის შესწავლამდე, სააგენტოს ადმინისტრაციის მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აღმზრდელსა და მის თანაშემწეს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეთ.
"თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო ძალადობის ამ და სხვა ნებისმიერი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, გაატარებს უმკაცრეს დისციპლინურ ღონისძიებებს", - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ძალადობის შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. როგორც უწყებაში ტაბულას განუცხადეს, საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით იძიებენ, რაც არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ დანაშაულს გულისხმობს.