თაბუაშვილი: დღგ-ს კი არ დააკლდა, წინა წელთან არის კლება

გიორგი თაბუაშვილი
ტაბულა

2016 წელს დამატებითი ღირებულების გადასახადის გეგმის შესრულება ვერ მოხერხდა. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, დღგ-ს გეგმას 515.6 მილიონი ლარი დააკლდა. ტაბულამ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს და შემოსავლების სამსახურის უფროსს გიორგი თაბუაშვილს დაუსვა კითხვა, თუ რატომ ვერ მოხერხდა ამ შემოსავლების მიღება, რაზეც თაბუაშვილმა განაცხადა, რომ "დააკლდა სწორი სიტყვა არაა". 

"დღგ-ს დააკლდა არ არის სწორი სიტყვა, შეიძლება წინა წელთან შედარებით არის კლება. ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა, მათ შორის გადაჭარბება იყო ბიუჯეტის გადასახადების ნაწილში", - ტაბულას პასუხობს თაბუაშვილი.

2016 წლის ბიუჯეტით, დამატებითი ღირებულების გადასახადის გეგმა 3.8 მილიარდი ლარით იყო განსაზღვრული, აქედან მხოლოდ 3.2 მილიარდის მობილიზება მოხერხდა, რაც გეგმის 86%-ია.


ფოტო: mof.ge

დღგ-ს შესრულებაში ჩამორჩენა, სავარაუდოდ, შენელებულ ეკონომიკურ ზრდას უკავშირდება. 2016 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი ვარიანტით 3%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა იყო დაგეგმილი, თუმცა მან 2.4% შეადგინა. 

2016 წლის დეკემბერში ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც მოსალოდნელ ზრდად, 3%-ის ნაცვლად, 2.7% განისაზღვრა.

დღგ-სგან განსხვავებით, სხვა გადასახადების შესრულებაში უკეთესი მდგომარეობაა:

  • საშემოსავლო გადასახადი - 1.97 მილიარდი ლარი, გეგმის 94.8%
  • მოგების გადასახადი - 1.05 მილიარდი ლარი, გეგმის 107%
  • აქციზის გადასახადი - 1.07 მილიარდი ლარი, გეგმის 105.7%
  • იმპორტის გადასახადი - 70 მილიონი ლარი, გეგმის 93.4%

ჯამში, ბიუჯეტში შესული საგადასახადო შემოსავლები 7.986 მილიარდია, რაც საპროგნოზო გეგმის 100.1%-ს შეადგენს. 

კომენტარები