შიდა ვალი

მთავრობას შიდა ვალის აღება გაუძვირდა

ტაბულა

საქართველოს მთავრობას შიდა ვალის აღება გაუძვირდა. სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების, სახაზინო ობლიგაციების და სახაზინო ვალდებულებების საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. 

25 იანვრის აუქციონზე 20 მილიონის ღირებულების 5-წლიანი სახაზინო ობლიგაციები გაიყიდა, ამ ობლიგაციების განაკვეთმა 8.9% შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2016 წლის სექტემბერში არსებულ 6.5%-იან განაკვეთზე მაღალია, რაც ნიშნავს, რომ შიდა ვალის აღება გაძვირებულია. წელს მთავრობას საქართველოს კომერციული ბანკებიდან 400 მილიონის სესხის აღება აქვს დაგეგმილი.

ეროვნულმა ბანკმა 25 იანვარს, რეფინანსირების განაკვეთის ზრდის გადაწყვეტილება მიიღო, ამ გადაწყვეტილების შედეგად კომერციულ ბანკებზე გასაცემი რეფინანსირების სესხი 6.5%-დან 6.75%-მდე გაიზარდა, მომდევნო ორი კვარტალის მანძილზე კი განაკვეთი 7%-მდე გაიზრდება. სებ-ის ამ გადაწყვეტილების გამო შესაძლოა შიდა ვალის განაკვეთი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

შიდა ვალის საპროცენტო განაკვეთები 2010-2017 წლებში ასე გამოიყურება:


ფოტო: mof.ge


ფოტო: mof.ge


ფოტო: mof.ge

რა არის შიდა ვალი?

შიდა ვალი არის ის თანხა, რასაც მთავრობა სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით კომერციული ბანკებიდან მოიზიდავს. მთავრობა ამ ვალს 1, 2, 5 და 10-წლიანი ფასიანი ქაღალდების გამოშვებით იღებს.

შიდა ვალი სამთავრობო ხარჯების დაფინანსების მნიშვნელოვან წყაროდ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს იქცა. მთავრობამ მაქსიმალური 570 - 570 მილიონის მოცულობის შიდა ვალი 2014-2015 წლებში აიღო. 2016 წელს კი შიდა ვალის მოცულობა თავდაპირველად 200 მილიონით იყო განსაზღვრული, თუმცა შემდგომში გაიზარდა.

წლების მიხედვით შიდა ვალის მოცულობები ასე გამოიყურება:

  • 2010 წელი - 172 მილიონი ლარი
  • 2011 წელი - 91 მილიონი ლარი
  • 2012 წელი - 58 მილიონი ლარი
  • 2013 წელი - 150 მილიონი ლარი
  • 2014 წელი - 573 მილიონი ლარი
  • 2015 წელი - 572 მილიონი ლარი
  • 2016 წელი - 380 მილიონი ლარი
  • 2017 წელი - 400 მილიონი (გეგმა)

იმის გამო, რომ სასესხო რესურსი შეზღუდულია იმ პირობებში, როდესაც მთავრობა დიდი მოცულობით იღებს ვალს კომერციული ბანკებიდან, ამ დროს ის კონკურენციაში შედის ჩვეულებრივ მომხმარებლებთან, რომელთაც სესხის აღება უნდათ. ამას გამოდევნის ეფექტი ეწოდება.

კომენტარები