აშშ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობის 4 წევრი გადადგა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ოთხმა წევრმა თანამდებობა დატოვა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოთხმა ხელმძღვანელმა, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტს რჩევებს აძლევდნენ და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ, თანამდებობები ოთხშაბათს დატოვეს. The Washington Post-ის ცნობით, თანამდებობის დატოვების ოფიციალური მიზეზი ცნობილი არ არის.

გავრცელებული ინფორმაციით, პატრიკ კენედის (სახელმწიფო მდივნის მოადგილე მენეჯმენტის საკითხებში), ჯოის ენ ბარის (სახელმწიფო მდივნის ასისტენტი ადმინისტრაციულ საკითხებში), მიშელ ბონდის (სახელმწიფო მდივნის ასისტენტი საკონსულო ურთიერთობებში) და ჯენტრი სმიტის (სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო მისიების ოფისის ხელმძღვანელი) გარდა, თანამდებობას დღეს ტომას ქანთრიმენიც (სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღებული ძალების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში) დატოვებს. აღნიშნული პირები სახელმწიფო დეპარტამენტში წლების განმავლობაში მუშაობდნენ როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობის ქვეშ.

მათ გარდა, 20 იანვარს პენსიაზე გავიდა გრეგორი სტარი (სახელმწიფო მდივნის ასისტენტი დიპლომატიური უსაფრთხოების საკითხებში). ამავე დღეს, თანამდებობა დატოვა ლიდია მუნიზმაც (სახელმწიფო დეპარტამენტის საზღვარგარეთ სამშენებლო ოპერაციების ბიუროს ხელმძღვანელი). გარდა ამისა, არჩევნების შემდეგ თანამდებობა დატოვა სახელმწიფო დეპარტამენტის რეგიონული ბიუროების რამდენიმე ხელმძღვანელმა.

The Washington Post-ის აზრით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატის, რექს ტილერსონის პირველი საქმე, დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის ახალი, მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კადრების მოძებნა იქნება. მეორე მისია კი - სახელმწიფო დეპარტამენტის დარჩენილ თანამშრომლებთან საერთო ენის გამონახვა და ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლით გაჩენილი პანიკის დაძლევა.

შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს აშშ-ის სენატის საგარეო ურთერთობების კომიტეტმა რექს ტილერსონს მხარი დაუჭირა. ტილერსონის კანდიდატურას მხარი კომიტეტის 11-მა რესპუბლიკელმა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 10 დემოკრატი წავიდა.

ტილერსონის კანდიდატურა მომავალ კვირაში აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

კომენტარები