ავარია

შსს: რუსთაველზე მომხდარ ავარიაში დამნაშავე წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
RFE/RL

24 იანვარს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რა დროსაც ტაქსის მგზავრი გოგონა დაიღუპა, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო. დანაშაული ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

როგორც ცნობილია, ავარიაში მონაწილე მძღოლი ამ დრომდე არ არის დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ექსპერტიზები მიმდინარეობს და, კანონის თანახმად, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ბრალეული პირის გამოკვეთა და ბრალის წარდგენა.

"გამოძიების ფარგლებში, დაინიშნა ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები, რომელთა დასკვნების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანოს ექნება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რათა ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე პირის მიმართ განხორციელდეს კანონის შესაბამისი ღონისძიებები.

რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სამივე მძღოლს, მომხდართან დაკავშირებით ისინი პოლიციის მიერ მოწმის სახით გამოიკითხნენ.

საზოგადოების ინფორმირებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ, კანონის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეული პირის გამოკვეთა და მისთვის ბრალის წარდგენა მხოლოდ შესაბამისი ექსპერტიზების დასრულების შემდეგაა შესაძლებელი.

შს სამინისტრო მიმართავს მაქსიმალურ ძალისხმევას, რომ აღნიშნული საქმე დროულად იქნას გამოძიებული და დამნაშავე წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები