ე.წ. კაბელების საქმე

თალაკვაძე: ჩემთვის ე.წ. კაბელების საქმე არის დემოკრატიული ქვეყნის მახასიათებელი

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალება იყო თუ არა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან, საქმეში მხარეთა შეჯიბრებითობა უზრუნველყოფილი იყო.

"იყო პოლიტიკური თუ არ იყო ეს გადაწყვეტილება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ალბათ არსებითი მნიშვნელობა აქვს ორ რამეს - ეს არის ეს გადაწყვეტილება როგორ აისახა კონკრეტულად ამ ადამიანების ცხოვრებაზე და ფაქტია, რომ ისინი დაბრუნდნენ სახლებში, რაც სასიხარულოა მათი ოჯახებისთვის და ახლობლებისთვის და მეორე - პროცესი, მართლმსაჯულების ნაწილი. ვფიქრობ, რომ მხარეთა შეჯიბრებითობა უზრუნველყოფილი იყო. საზოგადოება მომსწრე იყო მთელი იმ სასამართლო პროცესების, მსჯელობის, ეს იყო ღია პროცესი, ყველამ თავისი პოზიციები დააფიქსირა და შესაბამისად, მე სასამართლო პროცესებში ვერ დავინახე იმის პრობლემა, რომ მხარეებს საკუთარი პოზიციების დასაბუთების, გატანის, მსჯელობის პრობლემა ჰქონოდათ", - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ეს საქმე არის დემოკრატიული ქვეყნის მახასიათებელი.

"ჩემთვის, როგორც პარლამენტის ერთი წევრისთვის და ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ეს საქმე და ამბავი არის დემოკრატიული ქვეყნის მახასიათებელი, რომ ინსტიტუტებმა, თუნდაც განსხვავებული პოზიციებით, საკუთარი როლი შეასრულეს და საკუთარი წვლილი შეიტანეს ამ საქმეში, მათ შორის პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში", - ამბობს თალაკვაძე.

თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, 27 იანვარს შეიწყალა. პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის განცხადებით, საქმე აღძრავდა კითხვებს შერჩევითი მართლმსაჯულებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე.

მსჯავრდებულებმა საპატიმრო გუშინვე დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ შეწყალებამდე ერთი დღით ადრე, 26 იანვარს, სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე მუხლი გადააკვალიფიცირა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით შეცვალა. როგორც მათი ადვოკატი, ლევან სამუშია, ამბობდა, დაკავებულები 2 თვეში უნდა გათავისუფლებულიყვნენ.

კომენტარები