თავისუფლების უკანონო აღკვეთა

გამოძალვის, ძარცვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს

შსს

საქართველოს შინაგან სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა თურქეთის რესპუბლიკის სამი და საქართველოს ერთი მოქალაქე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის, ძარცვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბათუმის ერთ-ერთ კლუბში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, შეუსაბამოდ დიდი თანხა მოითხოვეს. უარის მიღების შემდეგ კი მათ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, 2600 ლირა, 3040 ლირა, 7 172 ლარი და 1489 დოლარი გამოსძალეს", - აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილი ძარცვის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები