​საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30-31 იანვარს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ტორბიორნ იაგლანდი ეწვევა.

უწყებაში აცხადებენ, რომ ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ტორბიორნ იაგლანდი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, იუსტიციის მინისტრს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სხელმწიფო მინისტრს.

გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროში მიხეილ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის შემდგომ მინისტრი და გენერალური მდივანი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. 
 
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველო-ევროპის საბჭოს თანამშრომლობის საკითხები.

"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ევროპის საბჭოს ჩართულობას კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებსა და ნდობის აღდგენის პროცესში", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, მხარეები ასევე განიხილავენ 2016-2019 წლებისთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმას, რომელიც საქართველოში სამართლის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას და ნდობის აღდგენის პროცესის ეფექტურ განხორციელებას ითვალისწინებს.

კომენტარები