ხანძარი ბავშვთა სამყაროში

ნარმანია: ხანძარზე პასუხი პირველ რიგში, ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აგოს

რუსთავი 2

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილ ხანძარზე პასუხი ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აგოს. 

"ფაქტი არის ძალიან მძიმე, ასეთი შემთხვევა თბილისში დიდი ხანია, არ ყოფილა. ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და ის ადამიანები, რომლებიც აქ ვაჭრობდნენ, არიან ადამიანები, რომლებსაც დალხენილი ცხოვრება ნამდვილად არ ჰქონიათ. სწორედ ამიტომ იყვნენ ისინი აქ ამ პირობებში. ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აგოს პასუხი პირველ რიგში, მათ ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც აქ მოხდა. ამ ადამიანებს ჰქონდათ ხელშეკრულებები ბაზრობის ადმინისტრაციასთან, ბაზრობის ადმინისტრაციას აქვს თავისი უფლებები-მოვალეობები-პასუხისმგებლობები და უნდა გასცენ ამ ხალხს პასუხი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

"ბავშვთა სამყაროში" ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. სავაჭრო ცენტრის შენობა და ე.წ. საბითუმო ბაზრის ტერიტორია მთლიანად დაიწვა. ცეცხლს 26 სახანძრო ბრიგადა აქრობდა, თუმცა, მისი ლოკალიზება ბოლომდე ჯერაც არ მომხდარა.

ხანძრის გაჩენის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

კომენტარები