გაზპრომთან მოლაპარაკებები

კალაძე: Gazprom-თან ხელშეკრულება ხელმოწერილია და ძალაშია შესული

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, Gazprom-თან ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია და ძალაშიც არის შესული. ხელშეკრულება ორწლიანია და ის 2017 წელს მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის შერეული წესით (ნატურით და ფულით) ანაზღაურებას, და 2018 წლიდან მხოლოდ ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას ითვალისწინებს.

კალაძის თქმით, ხელშეკრულების დეტალები მხოლოდ რუსული მხარის თანხმობით შეიძლება გასაჯაროვდეს, ქართული მხარე კი ცალმხრივად ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

"რაც შეეხება გასაჯაროებას, ეს მხოლოდ ქართული მხარის გადასაწყვეტი არაა... ყველა კითხვაზე, რაც ამ საკითხზე არსებობდა, პასუხები უკვე გაცემულია, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აწუხებდა. რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნით პარლამენტში მისვლას, პოლიტიკურ სპეკულაციებსა და შოუებში მონაწილეობას არ ვაპირებ", - ამბობს კალაძე.

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, გაზპრომთან მიღწეულ შეთანხმებაში საზეიმო არაფერია. ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას თქმით კი, "GAZPROM-თან შეთანხმება ეკონომიკურ ნაწილში გამარჯვება არაა".

ენერგეტიკის მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ, თუ საქართველო Gazprom-ისგან ისევე ძველი პირობების შენარჩუნებას მოითხოვდა, იყო შანსი, სომხეთის გაზმომარაგება საქართველოს გვერდის ავლით, ირანის მხრიდან დაწყებულიყო.

"რუსეთს დღეს ბუნებრივი აირი შეუძლია მიაწოდოს სომხეთს, ირანის გავლით, სომხეთი არ დარჩება ბუნებრივი აირის გარეშე. ამით ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებდით ძალიან დიდ ზარალს", - ამბობდა კალაძე.

არსებული მდგომარეობით, სომხეთი წელიწადში 500 მილიონ კუბურ მეტრ ირანულ გაზს ყიდულობს. ირან-სომხეთს შორის 2009 წელს გახსნილი მილსადენის გამტარიანობა წელიწადში 1 მილიარდი მეტრ კუბია, სომხეთში კი ბუნებრივი აირის მოხმარება 2.1 მილიარდი მეტრ კუბია. ირან-სომხეთის დამაკავშირებელი მილსადენის გამტარიანობის 2.3 მილიარდ მეტრ კუბამდე გაზრდა 2019 წლის შემდგომაა დაგეგმილი, იქამდე კი სომხეთს ამ მოცულობის ირანული გაზის მიღება არ შეუძლია.

ირანსა და სომხეთს შორის დადებული ხელშეკრულება ბარტერულია, სომხეთი თითოეულ იმპორტირებულ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე ვალდებულია, ირანს მიაწოდოს 3 კილოვატ საათი ელექტროენერგია. აღნიშნული ხელშეკრულება 20 წლის ვადითაა დადებული.

საქართველო 2018 წლიდან მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულადი სახით მიიღებს. 2017 წლის მანძილზე კი ისევ ნედლეულით ანაზღაურება მოხდება. ენერგეტიკის მინისტრის კალაძის თქმით, ამ ცვლილებით საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე არ გაიზრდება. ამასთან, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველომ Gazrpom-ისგან ფასდაკლებაც მიიღო - იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობები დასჭირდება, Gazprom-ი ათას კუბურ მეტრს $215-ის ნაცვლად $185-ად მიჰყიდის.

მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით გასულ წელს საქართველოს გავლით სომხეთს დაახლოებით 2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიეწოდა, საიდანაც 0.2 მილიარდი საქართველოში დარჩა.

Gazprom-ი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას გასულ წელსაც სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა.

კომენტარები