ენგურჰესი

კალაძე: 15 თებერვალს ენგურჰესი გაჩერდება

ტაბულა

ვიცეპრემიერმა, ენერგეტიკის მინისტმა კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ 15 თებერვალს საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური - ენგურჰესი გაჩერდება. სადგურის გაჩერების მიზეზი გეგმური სარემონტო სამუშაოების განხორციელებაა.

"15 თებერვალს ჩვენ ვგეგმავთ ენგურჰესის გაჩერებას, ვგეგმავთ გვირაბის დათვალიერებას, რადგან 2018 წლისთვის იგეგმება სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება", - ამბობს კალაძე.

კალაძის თქმითვე, ენგურის გვირაბის სრული რეაბილიტაცია 2018 წელს იგეგმება: "2018 წელს, გარკვეული დროით ალბათ მოგვიწევს ენგურჰესის შეჩერება, რადგან სრულიად მოხდეს გვირაბის რეაბილიტაცია", - განაცხადა კალაძემ.

ენგურჰესი საქართველოს ენერგომომარაგების დიდ ნაწილს შეადგენს - სეზონურობის მიხედვით, თვეში 150 გვტ/სთ-დან (ჯამური მოხმარების 20%-მდე) 550 გვტ/სთ-მდე (50%+). ასევე, აფხაზეთის რეგიონი მთლიანად ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით მარაგდება.

"იმ თვეებში, როდესაც ენგურჰესი ელექტროენერგიის გამომუშავებას შეწყვეტს, აუცილებელი იქნება ელექტროენერგიის დეფიციტის სხვა გზით შევსება. 2016 წლის დასაწყისში, როდესაც წყლის ნაკლებობის გამო აფხაზეთის რეგიონში ელექტროენერგიის დეფიციტი შეიქმნა, საქართველოს მთავრობამ შეთანხმების საფუძველზე რუსეთიდან შეღავათიან ფასად შემოიტანა ელექტროენერგია, რომელიც შემდგომ აფხაზეთის რეგიონზე განაწილდა. მსგავსი შეთანხმება ერთ-ერთი სავარაუდო ვარიანტია ელექტროენერგიის დეფიციტის შესავსებად", - წერია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.

კომენტარები