ქირურგიული კონტრაცეპცია

სტერილიზაცია - ქალის უფლება, რომელზეც ქმრის თანხმობას ითხოვენ

სტერილიზაცია, იგივე ქირურგიული კონტრაცეფცია პაციენტის უფლება და გაცნობიერებული არჩევანია. ეს პროცედურა შესაძლოა გაიკეთოს როგორც ქალმა, ასევე მამაკაცმა. ქალის შემთხვევაში, კვერცხსავალ მილებს კვანძავენ, ახშობენ, რაც იწვევს რეპროდუქციული უნარის დათრგუნვას. მამაკაცის შემთხვევაში, სათესლე სადინარის ბლოკირება ხდება, რომლის შედეგიც ნაყოფიერების დათრგუნვაა. ქალის სტერილიზაცია ყველაზე ხშირად მშობიარობის შემდეგ ხდება, თუმცა, არსებობს ლაპარასკოპიული მეთოდიც.

ასეთი პროცედურები საქართველოშიც ტარდება. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ქალს, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, კლინიკების ნაწილი პროცედურაზე ქმრის თანხმობის გარეშე უარს ეუბნება. ამ დროს კი, საქართველოს კანონმდებლობაში მსგავსი შეზღუდვა არ არსებობს და სტერილიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ პაციენტი იღებს.

რესპონდენტები, რომლებსაც ვინაობის გამხელა არ სურთ, ტაბულასთან ამბობენ, რომ ქირურგიული სტერილიზაცია რამდენიმე შვილის გაჩენის შემდეგ გაიკეთეს.

„გაკეთებული მაქვს სამი საკეისრო, შესაბამისად, გინეკოლოგიც და მეანიც მირჩევდა, რომ გადამეკეტა მილები, რისი სურვილი მეც მქონდა, რადგან ბავშვები კიდევ კი მინდა, მაგრამ სიცოცხლისთვის საკმაოდ დიდი რისკი არსებობს. სხვა თავდაცვის საშუალება კი არცერთი არ არის 100%-იანი. აღმოჩნდა, რომ ჩემი მეუღლის თანხმობის გარეშე არ კეთდება ეს ყველაფერი. ის წინააღმდეგი იყო, რადგან კიდევ უნდოდა ბავშვი. დიდი მოლაპარაკებების მერე ძლივს დავითანხმე და გავიკეთე პროცედურა 2016 წელს, უკვე მეოთხე საკეისროს შემდეგ“, - ამბობს 33 წლის ნინო ტაბულასთან.

მისივე თქმით, ესმის, რატომ ითხოვენ კლინიკები ქმრის ხელმოწერას, თუმცა, არასწორია, რომ ეს შეზღუდვა მხოლოდ ქალის ოპერაციის შემთხვევაშია. გარდა ამისა, ნინო ცდილობს, თავის გამოცდილებას პოზიტიურადაც შეხედოს.

„მე არ ვიცი, კანონში რამდენად ასეა, მაგრამ თუ ეს კლინიკის მოთხოვნაა, აბსოლუტურად მესმის. დარწმუნებული ვარ, მერე იქნება ეს „გრუზინული“ მივარდნები მამაკაცის მხრიდან და საქმის გარჩევები, გარტყმა-გამორტყმები, „რატომ გაუკეთეს ეს ჩემ ცოლს“ და „მე კაცი ვარ თუ პრობკა“ ტექსტებით”, - ამბობს ის.

„არა მგონია, როცა მამაკაცის შვილოსნობის შეზღუდვა ხდება, ცოლს ვინმე ხელს აწერინებდეს. არანაირად არ ვარ ფემინისტი და არ გამოვდივარ ტექსტებით, რომ თავისუფლება ქალებს და გვზღუდავენ-მეთქი, მაგრამ არ არის სწორი მარტო ერთი მხარის შეზღუდვა იმის გამო, რომ ვიღაცებისგან საქმეების რჩევის ეშინიათ. მე რომ ეგ მცოდნოდა, მესამეზე მაინც გადავიკეტავდი. ცოცხალი თავით არ დათანხმდა მაშინ ჩემი ქმარი და, შესაბამისად, არ გავიკეთე. ხოდა, ეს მეოთხე ანგელოზი, რომელზეც ჭკუა მეკეტება, აღარ მეყოლებოდა. ასე რომ, რაღაცა დადებითიც აქვს მაგ საქმეს, ცოტა მასეც შეხედეთ“, - თქვა ნინომ.

ტაბულას კიდევ ერთმა რესპონდენტმა სტერილიზაცია ზუგდიდში გაიკეთა. ნინოს მსგავსად, კლინიკაში მისგანაც ქმრის ხელმოწერა მოითხოვეს.

„მე ზუგდიდში ვცხოვრობ და იქ გავიკეთე ოპერაცია. იქვე იყო ქმარი და მოაწერა ხელი. კლინიკაში მითხრეს, რომ არის შემთხვევები, როცა ქმრები უჩივიან და ამიტომ გვეკრძალებაო. იგივე უთხრეს თბილისში, ჰერაში ჩემს ნათესავს. იმასაც ქმარმა მოუწერა ხელი და მერე გაუკეთეს“, - ამბობს ის.

პასუხი კლინიკებისგან

ტაბულამ ამ ინფორმაციის გადამოწმება თბილისში არსებულ ცნობილ კლინიკებში სცადა. თავდაპირველად, ცხელ ხაზზე, პაციენტის სახელით დავრეკეთ.

„ჩაჩავასა“ და „იმედის კლინიკაში“ გვითხრეს, რომ ქალის ხელმოწერასთან ერთად, აუცილებელია ქმრის ხელმოწერილი დოკუმენტიც, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპერაციას არ ჩაატარებენ.

„დავით გაგუას კლინიკასა“ და „ჰერა 2011-ში“ ცხელი ხაზის ოპერატორები ამბობენ, რომ საჭიროა ცოლ-ქმრის სურვილი. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა პროცედურის მხოლოდ ქალის სურვილით ჩატარება, გვპასუხობენ - „სავარაუდოდ, არა“, თუმცა, ამბობენ, რომ უფრო ზუსტად ექიმს უნდა შევუთანხმდეთ.

რაც შეეხება ოფიციალურ პასუხებს, „ჩაჩავას კლინიკის“ პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ ცოლისა და ქმრის ინფორმირებას კანონი ითვალისწინებს.

„ჩვენთან ჩვეულებრივად კეთდება ეს ოპერაცია, ოღონდ კანონის სრული დაცვით, რაც გულისხმობს, რომ ორივე ადამიანი უნდა იყოს ინფორმირებული და მათი ხელმოწერა, დასტური, იყოს აუცილებლად. წყვილი უნდა იყოს წინასწარ ინფორმირებული შედეგებზე და უნდა იყოს ორივეს თანხმობა. ამ ოპერაციის ჩასატარებლად წყვილის თანხმობას კანონმდებლობა ითვალისწინებს“, - აცხადებენ პრესსამსახურში.

ანალოგიური პასუხი აქვთ „ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამდიცინო ცენტრის“ პრესსამსახურშიც.

რაც შეეხება „იმედის კლინიკას“, ტაბულას აქ უთხრეს, რომ ქმრის თანხმობის გარეშე პროცედურის ჩატარების უფლება არცერთ კლინიკას არ აქვს.

„ჩვენთან ხდება მილების გადაკეტვა ან საკეისროს შემდეგ, ან მილების ამოღება. ქმრის ნებართვის გარეშე არანაირი უფლება არ აქვს არანაირ კლინიკას, რომ ეს გააკეთოს. თუ ქმარი არ ჰყავს, ვის მოვაწერინებთ ხელს, მაგრამ თუ ოფიციალურად ჰყავს მეუღლე, საბუთები ფორმდება და იურიდიულად ჩანს მეუღლე, აუცილებლად უნდა იყოს მისი თანხმობა“, - ამბობენ პრესსამსახურში.

„დავით გაგუას კლინიკის“ გენერალური დირექტორი, დავით გაგუა ამბობს, რომ პროცედურას კანონმდებლობა არეგულირებს და საჭიროა მხოლოდ პაციენტის თანხმობა, თუმცა, როცა საუბარია ოჯახის დაგეგმვაზე, კლინიკა ცდილობს გადაწყვეტილება წყვილმა მიიღოს. გაგუა ამის ერთ-ერთ მიზეზად ქმრების მიერ შესაძლო ჩხუბს ასახელებს. ხოლო, კითხვაზე, გააკეთებენ თუ არა აღნიშნულ ოპერაციას ქმრის თანხმობის გარეშე, დადებითად პასუხობს.

„ქმრის თანხმობა არ არის საჭირო, მაგრამ როცა ოჯახის დაგეგმარებაზეა საუბარი, შესაძლოა თვითონ მამაკაცს შევთავაზოთ ქირურგიული სტერილიზაცია. საქართველოში ამას ფაქტობრივად არავინ აკეთებს, მაგრამ არსებობს ამის მეთოდი, ევროპასა და განსაკუთრებით ამერიკაში არის გავრცელებული. ამ კუთხით დიდი სამართლებრივი გამოცდილება არ გვაქვს, მაგრამ საქართველოში, ხშირად ქმარი თვლის, რომ მას აქვს ყველაფერზე უფლება, მერე მოდის და იწყებს ჩხუბს, რომ მას არ უნდოდა და მაინც გაუკეთეს ცოლს სტერილიზაცია“, - თქვა დავით გაგუამ ტაბულასთან საუბარში.

მისი განმარტებით, ქმრის ხელის მოწერა არ არის აუცილებელი, მაგრამ ცდილობენ, წაახალისონ პაციენტი, რომ მეუღლესაც შეატყობინოს, რათა მას შემდეგ პრეტენზია არ ჰქონდეს.

„თუ პაციენტი ამბობს, რომ სურს ანონიმურად გაიკეთოს, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ“, - თქვა დავით გაგუამ ტაბულასთან.

„ჰერა 2011“-ის დირექტორი, ირაკლი მაჭარაძე განმარტავს, რომ, როგორც წესი, სტერილიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ქალი და მამაკაცი ერთობლივად იღებენ.

„იცით, როგორ არის? რამდენად სწორია არ ვიცი, მაგრამ რატომღაც ადრე ეგრე იყო, რომ მეუღლის თანხმობაც საჭირო იყო ხოლმე. თანხმდებიან და გადაწყვეტილებას ერთად იღებენ. არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ მეუღლე თანახმა არ იყოს. მგონი მეუღლის თანხმობის გარეშეც გაკეთდება. სიმართლე გითხრათ, უბრალოდ არ გვქონია ასეთი შემთხვევა, ყოველთვის თანხმდებიან ხოლმე მეუღლეები, კონსენსუსამდე მიდიან ხოლმე, როგორც წესი“, - აცხადებს მაჭარაძე.

კანონმდებლობა

პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მიხედვით, „სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა პაციენტის, ხოლო მისი ქმედუუნარობის ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უუნარობის შემთხვევაში, ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა. ინფორმირებული თანხმობა წინ უძღვის სამედიცინო მომსახურებას“.

პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა რამდენიმე სამედიცინო მომსახურების გაწევისასაა აუცილებელი, მათ შორის ქირურგიული კონტრაცეპციის, სტერილიზაციის დროს.

ჯანდაცვის სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ორიენტირებულია პაციენტზე.

„როდესაც პაციენტი არის ქმედუნარიანი, ანუ აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი, გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პაციენტი“, - ამბობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე.

მისივე თქმით, ქირურგიული სტერილიზაციისთვის აუცილებელია მოსაფიქრებელი ვადა, მინიმუმ ერთი თვე.

„ამ პროცედურისთვის აუცილებელია პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა. ასევე, ექიმმა წინასწარ უნდა ჩაატაროს გასაუბრება და შემდეგ ერთი თვე მაინც უნდა იყოს მოსაფიქრებელი ვადა, რადგან ეს საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილებაა. ამ დროს ადამიანი კარგავს თავის გენერაციულ ფუნქციას, ხდება მექანიკური, მყარი და შეუქცევადი დარღვევა, რისი აღდგენაც პრაქტიკულად შეუძლებელია“, - ამბობს დარახველიძე ტაბულასთან.

ასევე, სავალდებულო მოთხოვნაა, სათანადო ნებართვის მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლების მქონე ექიმმა შეასრულოს პროცედურა. პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა საჭიროა მხოლოდ პაციენტის მცირეწლოვნების ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში.

დისკრიმინაცია

ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია „საფარის“ წარმომადგენელი, ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ კლინიკების მხრიდან ქალის ქირურგიულ სტერილიზაციაზე ქმრის თანხმობის მოთხოვნა ცალსახად უკანონო და დისკრიმინაციულია. მისი თქმით, ნებისმიერ ქალს, რომელსაც ეს პრობლემა შეეხო, შეუძლია, უჩივლოს კლინიკას და დისკრიმინაციის დამტკიცება სამართლებრივ პრობლემას არ წარმოადგენს.

„კლინიკების ეს პრაქტიკა არ ეყრდნობა კანონს და არის დისკრიმინაციული ქალების მიმართ. გამოდის, რომ ქალს არ შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ სხეულთან დაკავშირებით და მას სჭირდება თანხმობა გარეშე პირთაგან. ეს დამოკიდებულება არის შეურაცხმყოფელი, ქალის სხეულებრივ ავტონომიაში ჩარევა და დისკრიმინაცია, რადგან მისი სხეულის ცვლილებასთან დაკავშირებით ნებართვას ითხოვენ ქმრებისგან. სავარაუდოდ, ეს პრაქტიკა ეფუძნება გენდერულ სტერეოტიპს, რომ ქალის სხეულის პატრონად ქმარი ითვლება და არა თვითონ ქალი“, - ამბობს პატარაია ტაბულასთან.

„საფარი“ მზადაა, ამ საკითხში ქალებს სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს.

ქალებს კონფიდენციალურ კონსულტაციას გაუწევენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰერა 21“-შიც. ორგანიზაციის დირექტორი, ნინო წულეისკირი ამბობს, რომ სტერილიზაცია ცალსახად პაციენტის უფლებაა.

„კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ამ პროცედურას, ხაზს უსვამს, რომ ეს არის ქალის პრეროგატივა და მისი ნებაყოფლობითი არჩევანი“, - აცხადებს წულეისკირი ტაბულასთან.

კომენტარები