ხანძარი ბავშვთა სამყაროში

ნარმანია: დაზარალებულებს შესთავაზებენ ალტერნატიულ ფართებს შეღავათიან ფასებში

რუსთავი 2

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდეს. ნარმანიამ მერიაში გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე აღნიშნა, რომ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.

"რამდენიმე ბაზრობამ გვითხრა, რომ დაზარალებულებს შესთავაზებენ ალტერნატიულ ფართებს შეღავათიან ფასებში", - თქვა ნარმანიამ. თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მოვაჭრეებს, ვისაც სავაჭრო საქონელი გადაურჩა, ფართებს სხვადასხვა ბაზრობაზე 3-6 თვის მანძილზე, "ფაქტობრივად ქირის გარეშე", გადასცემენ.

დღესვე, თბილისის მერმა კომერციულ ბანკებს მიმართა, რომ დაზარალებულებს კრედიტები გადაუვადოს.

"ბავშვთა სამყაროს" დირექტორის ლაშა ფაილოძის თქმით, ადმინისტრაცია ზარალის ოდენობის დადგენას ცდილობს, ასევე, თანამშრომლობს ყველა შესაბამის უწყებასთან.

"ბავშვთა სამყარო კუთვნილ პასუხისმგებლობას არ გაურბის, თუმცა დღეს ადრეა საუბარი, რა ოდენობით ზიანი მიადგა მოვაჭრეებს და, შესაბამისად, ნაადრევია ამაზე საუბარი", - ამბობს ფაილოძე.

ამასთან, დღეს მოვაჭრეების მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ისინი "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე შეუშვეს. სპეციალურად მოწყობილი დერეფნის საშუალებით, სამართალდამცავების თანხლებით, შენობაში მოვაჭრეების ეტაპობრივი შეყვანის პროცესი მიმდინარეობს, რათა მათ საცავებში არსებული კუთვნილი ძვირფასეულობის გამოტანა შეძლონ.

ორი დღის წინ გაჩენილი ხანძრის შედეგად ბავშვთა სამყაროს შენობა და ე.წ. საბითუმო ბაზრის ტერიტორია მთლიანად დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, შენობას ცეცხლი ბაზრის ტერიტორიიდან მოედო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

კომენტარები