გაზპრომთან მოლაპარაკებები

ვალიშვილი: რუსეთი ვალდებულია, აანაზღაუროს ტრანზიტი მაშინაც, თუ არ გაატარებს გაზს

0 კომენტარი
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი ფოტო: ტაბულა

"ახალი ხელშეკრულებით რუსეთი ვალდებულია, აანაზღაუროს ტრანზიტის საფასური იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ გაატარებს დაკონტრაქტებულ მოცულობას ჩვენს მილსადენში", - ამბობს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი Business Time-თან ინტერვიუში.

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გუშინ განაცხადა, რომ Gazprom-თან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმებულია და ძალაშიც არის შესული. კონტრაქტი 2017 წელს მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის შერეული წესით (ნატურით და ფულით) ანაზღაურებას, და 2018 წლიდან მხოლოდ ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას ითვალისწინებს.

მარიამ ვალიშვილის თქმით, კონტრაქტის მიხედვით, საქართველოს ანაზღაურება აღარ იქნება პირდაპირ მიბმული გატარებულ ბუნებრივ აირზე და ქვეყანა საფასურს მაინც მიიღებს იმის მიუხედავად, გაივლის თუ არა გაზსადენში წინასწარი მოცულობით დადგენილი გაზის რაოდენობა.

"მიუხედავად იმისა, რომ 1 მილიარდ 850 მილიონი იყო ფაქტობრივი ტრანზიტი 2016 წელს, მომავალი ორი წლის განმავლობაში (ორწლიანია ეს ხელშეკრულება) რუსული მხრიდან გვაქვს ეს პირობა ჩადებული ხელშეკრულებაში, რომ 2017 წელს ტრანზიტი არ იქნება 2 მილიარდზე ნაკლები, ხოლო 2018 წელს - 2,2 მილიარდზე ნაკლები. ანუ გატარდება თუ არა ეს მოცულობები, ჩვენ შესაბამის ანაზღაურებას მაინც მივიღებთ... რომც არ გაატაროს, ან ვთქვათ მოხმარება არ იყოს სომხეთში, ან სხვა რაღაც ალტერნატივა ნახონ მათ, რუსულ მხარეს მაინც აქვს თანხის ანაზღაურების ვალდებულება. ამ თანხას რაში გამოვიყენებთ, ისევ გაზს ვიყიდით, თუ არ ვიყიდით, ან სხვა წყაროდან ვიყიდით, ამის თავისუფლება ჩვენ, კონტრაქტიდან გამომდინარე, გვაქვს", - ამბობს ვალიშვილი.

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, გაზპრომთან მიღწეულ შეთანხმებაში საზეიმო არაფერია. ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას თქმით კი, "GAZPROM-თან შეთანხმება ეკონომიკურ ნაწილში გამარჯვება არაა".

მარიამ ვალიშვილის თქმით, მომდევნო წლების მანძილზე საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი შაჰდენიზის ახალი მილსადენის ექსპლუატაციააში შესვლა და გაზსაცავის მშენებლობა იქნება.

"გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში, უკვე გვაქვს ინფრასტრუქტურული განვითარების ათწლიანი გეგმა. აუცილებლად საჭიროა გაზსაცავი, რადგან დღიური და სეზონური დისბალანსის მოხსნა, რაც ჩვენ გვაქვს, სწორედაც რომ გაზსაცავს შეუძლია. გაზსაცავს აქვს გაცილებით დიდი ფუნქცია იმაში, რომ მოცულობები არ დავკარგოთ, „შაჰდენიზის“ კონსორციუმთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რომელშიც ჩადებულია შეზღუდვა, რომ თუ ვერ ვითვისებთ გაზს, მაშინ ის გვეკარგება და არც რეექსპორტის საშუალება გვაქვს. ზაფხულში, როდესაც მოხმარება დაბალია, ეს მოცულებები შეგვიძლია გაზსაცავში შევინახოთ და პიკურ სეზონზე გამოვიყენოთ. ეს იქნება ინფრასტრუქტურა, რომელიც 100%-ით დისპეტჩერებადია. ვთვლით, რომ პრინციპული მნიშვნელობა აქვს „შაჰდენიზის“ მეორე ფაზის განვითარებას და სასიხარულოა, რომ ეს დაგეგმილი ტემპით მიმდინარეობს. სულ რაღაც ერთი კვირის წინ მსოფლიო ბანკმა „ტანაპის“ პროექტზე 400 მილიონის სესხი დაუმტკიცა „სოკარს“. ამავდროულად, ჩვენს ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია სამუშაოების დიდი ნაწილი და ამ მხრივ შეფერხება არ იქნება. თვითონ „შაჰდენიზის“ საბადოზე მოპოვებაც, როგორც დაგეგმილია, იმ პერიოდში დაიწყება და ვფიქრობთ, რომ დამატებით რესურსებს ჩვენ უკვე 2020 წლისთვის მივიღებთ", - ამბობს ვალიშვილი.

Gazprom-ი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას გასულ წელსაც სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები