Deutsche Bank

Deutsche Bank-ი რუსი კლიენტების მაქინაციებში დახმარებისთვის $628 მილიონით დააჯარიმეს

Deutsche Bank
Reuters

გერმანული საფინანსო გიგანტი Deutsche Bank-ი ბრიტანულმა და ამერიკულმა რეგულატორებმა $628 მილიონით დააჯარიმეს, რისი მიზეზიც Deutsche Bank-ის მოსკოვის ფილიალის მიერ რუსი კლიენტებისთვის გაკეთებული "სარკისებური ვაჭრობაა". როგორც ცნობილია ამ გზით, Deutsche Bank-მა 2012-2014 წლებში $10 მილიარდის მოცულობის ტრანზაქციები განახორციელა.

ბრიტანული რეგულატორის ინფორმაციით, Deutsche-ემ აღნიშნული ტრანზაქციები ისე განახორციელა, რომ ფულის წარმომავლობა დაფარულიყო. "სარკისებური გარიგებები" მოსკოვიდან დიდი მოცულობით ფულის გადინებისთვის ხდებოდა. 

Deutsche-ემ ამ დრომდე დაუდგენელი პირების კუთვნილი თანხები დაახლოებით $10 მილიარდი, რუსეთიდან ოფშორულ ბანკებში გადარიცხა. აღნიშნული ტრანზაქციები ფულის გათეთრების მაღალ რისკს შეიცავს. 

Deutsche $425 მილიონს გადაუხდის ნიუ-იორკის ფინანსური სერვისის რეგულატორს, £163 მილიონ გირვანქას კი ბრიტანელ რეგულატორს FCA-ს გადაუხდის. 

Deutsche ჯარიმის გადახდას დათანხმდა, ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ბოლო წლების მანძილზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ფულის გათეთრების კონტროლი, მას შემდეგ რაც აღნიშნული ტრანზაქციები განხორციელდა.

კომენტარები