უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი

უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი გამწვავდა - ავდეევკაში დაღუპულთა რაოდენობა უცნობია

განახლებული კონფლიქტი ავდეევკაში
AFP

უკრაინის ოფიციალური პირები ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქის, ავდეევკას, მოსახლეობის ევაკუაციისთვის ემზადებიან, რადგან რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა ცეცხლი განაახლეს.

"ამ დროისთვის ჩვენ შეგვიძლია დღეში 8 000 ადამიანის ევაკუაცია მოვახდინოთ. რეგიონის სხვა ქალაქებს კი, მხოლოდ 9 000 ადამიანის შეფარება შეუძლიათ," - განაცხადა უკრაინის მთავრობის წარმომადგენელმა.

ავდეეკას მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა დაახლოებით, 16 000-დან 22 000-მდე მერყეობს.

ცეცხლის გახსნისა და რამდენიმე ადამიანის გარდაცვალების ამბავი დღეს ორივე მხარის მიერ გავრცელდა. უკრაინული ძალების ინფორმაციით, კონფლიქტი მაშინ გამწვავდა, როდესაც ავდეევკას რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა ქალაქში ცეცხლი გახსნეს. ავდეეკა, თავის მხრივ, დონეცკს ესაზღვრება, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ. 

BBC-ის ინფორმაციით, 7 ჯარისკაცი და ბევრი მეამბოხე გარდაიცვალა უკანასკნელ დღეებში. ბრიტანული გამოცემის ცნობით, მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს ევროკავშირიც გამოეხმაურა და მხარეებს დაუყონებლივი კონფლიქტის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

"ეს კონფლიქტი მშვიდობიან მოქალაქეებს სერიოზული ზიანს აყენებს. ამას გარდა, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა უკვე გამოიწვიეს სერიოზული გადაცდომები მოსახლეობისთვის კომუნალური მომსახურეობის მხრივ. ჩვენ მოგიწოდებთ, დაუყონებლივ შეწყვიტოთ ბრძოლა," - ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინული სააგენტოს, უნიანის ცნობით, 29 იანვრიდან დღემდე რუსი ოკუპანტები ავდეევკას სიახლოვეს მდებარე ტერიტორიებს ესვრიან, ასევე, დასახლებულ პუნქტებს და მშვიდობიანი რეჟიმის დამყარებას არ თანხმდებიან.

დღეს უკრაინაში ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლები, საომარ კაბინეტთან და უსაფრთხოების საბჭოსთან ერთად შეიკრიბებიან და ავდეევკაში მიმდინარე კონფლიქტზე იმსჯელებენ. უკრიანის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, ავდეკაას კონფლიქტის გამო, გერმანიაში ვიზიტი შეწყვიტა. ინფორმაცია ამის შესახებ პოროშენკოს პრესმდივანმა Twitter-ის საშუალებით გაავრცელა.

კომენტარები