რუსული პროპაგანდა საქართველოში

ჩერგოლეიშვილი: რუსეთმა დაიბრუნა ყველა ბერკეტი, რომელიც 2012 წლამდე დაკარგული ჰქონდა

თამარ ჩერგოლეიშვილი
Khatuna Khutsishvili / Forbes

ტაბულას დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა 2-წლიანი შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც მას შეეძლო ევროინტეგრაციის კუთხით გამოეყენებინა. ჩერგოლეიშვილმა რუსთავი ორის ეთერში აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა. მისივე თქმით, ის, რა მდგომარეობაშიც დღეს საქართველო იმყოფება, ლოგიკური გაგრძელებაა 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის გამარჯვების.

"ამ ადამიანმა მკაფიოდ თქვა, რომ მას არ უნდა, საქართველოს გამო, დასავლეთი უპირისპირდებოდეს რუსეთს. განსაკუთრებული პოლიტიკური გამჭრიახობა არ სჭირდება იმას, რომ პატარა საქართველოს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან სჭირდება ზურგი ძლიერი დასავლეთის სახით, როდესაც ამაზე ამბობ უარს, ფაქტია, საითაც წახვალ. უნდა გავითვალისწინოთ საერთაშორისო კონტექსტიც, 2009 წლიდან 2012 წლამდე რუსეთსა და ამერიკას შორის გადატვირთვის პოლიტიკამ გარკვეულწილად დააზიანა საქართველოს ინტერესები, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა გამოაფხიზლა საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენ გვქონდა 2-წლიანი შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას, რომ ყოფილიყო ის კომპეტენტური და პატრიოტი, ეფექტურად უნდა გამოეყენებინა ჩვენი ქვეყნისთვის ძირითადად ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ შეგვეძლო მეტად გვეაქტიურა ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელმოწერის მიმართულებით, უფრო ადრე მიგვეღო უვიზო მიმოსვლა", - თქვა ჩერგოლეიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში.

ჩერგოლეიშვილის თქმით, რუსეთმა დაიბრუნა ფაქტობრივად ყველა ბერკეტი, რომელიც 2012 წლამდე დაკარგული ჰქონდა და, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა შეუძლია.

"ბუნებრივია, რომ საქართველოში რუსეთის გავლენა იზრდება. რუსეთმა დაიბრუნა ფაქტობრივად ყველა ბერკეტი, რომელიც მას 2012 წლამდე დაკარგული ჰქონდა. საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე ფაქტობრივად აღარ არსებობდა, რადგან ემბარგოს ქვეშ ვიყავით და საქართველოს ეკონომიკა აგრძელებდა სამჯერ უფრო მაღალი ტემპით ზრდას, ვიდრე ახლა იზრდება - იმ პირობებში, როდესაც ემბარგო გვქონდა. დღეს ექსპორტი არის 4-ჯერ ან 5-ჯერ გაზრდილი. ჩვენ არ ვიცით, როდის ჩაკეტავენ და იყენებს თუ არა ამას რუსეთი საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტად იმიტომ, რომ თუ რუსეთმა ექსპორტი ჩაკეტა, ლარს რა დაემართება ამ ექსპორტის შემცირების შემთხვევაში, ინდმეწარმებსა და ეკონომიკას - ყველამ კარგად ვიცით. შესაბამისად, შესაძლოა, გაზპრომთან მოლაპარაკებებისას გამოიყენეს ეს ბერკეტად საქართველოს ხელისუფლებაზე", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველო იყო რეგიონში ერთადერთი ქვეყანა (გარდა ნავთობმომპოვებელი და გაზმომპოვებელი ქვეყნებისა), რომელიც ფაქტობრივად არ იყო დამოკიდებული რუსეთზე.

"პირიქით, რუსეთი იყო დამოკიდებული საქართველოზე იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორი სომხეთისთვის მიეწოდებინა გაზი, საქართველოს ტერიტორიის გავლით. დღეს, მართალია მცირედად, მაგრამ მაინც, დაახლოებით 150 მილიონი კუბური მეტრის ყიდვა მოგვიწევს გაზპრომისგან. რა ფასად, როგორ ფასად, გარდა იმისა, რომ ეკონომიკური ზიანი მივიღეთ, ეს ყველაფერი ჩვენ არ ვიცით. კალაძე უტიფრად აცხადებს, რომ რუსული მხარეს მოთხოვნით ამის გასაჯაროება არ შეიძლება", - თქვა ჩერგოლეიშვილმა.

ჩერგოლეიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოში რუსული გავლენის ზრდისა, მოსახლეობაში პროდასავლური განწყობა კვლავ მაღალია და სწორედ ამიტომ ვერ ამბობს ივანიშვილი უარს დასავლურ არჩევანზე.

"ყველა კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში რუსული გავლენა იზრდება, პროდასავლური განწყობა კი ჯერ კიდევ ძლიერია და სწორედ ამიტომ ვერ ამბობს ივანიშვილი უარს დასავლურ არჩევანზე, იმიტომ რომ ეს ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს და ამას ღიად ვერ იტყვის. მაგრამ, ერთია, რომ გაიზარდა, ფაქტობრივად გაორმაგდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თვლის, რომ თავისუფალ სამყაროში გაწევრიანების პერსპექტივა უნდა დავთმოთ რუსეთთან ურთიერთობის დათბობის სანაცვლოდ. ამას რუსეთი აკეთებს ძალიან მეთოდურად. რუსეთის გავლენა საქართველოში, რუსული პროპაგანდა, რუსული ნარატივი ემყარება სამ დაშვებას: პირველი ის, რომ პუტინი არის გამარჯვებული - ის იმარჯვებს, ძლიერია და მიუხედავად იმისა, რომ ის ცუდია, კოჭი უნდა გავუგოროთ, სხვა რა გზაა. მეორე არის ეკონომიკური ფაქტორი - იმიტომ, რომ დასავლური ბაზრები შორია და მოდი, ტრადიციულ ბაზარს დავუბრუნდეთ. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ მოსახლეობის ნახევარი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში, რადგან იქ კიდევ ცოცხალია ის მეხსიერება, ახსოვთ, რომ ახალგაზრდობაში მოსკოვი წყვეტდა, ქართული პროდუქტი სად გაყიდულიყო, რუსეთის რომელ ქალაქში, და მესამე - რუსეთი არის მორალური ღირებულებების დამცველი და დასავლეთი არის გარყვნილი. ის თავს მოგვახვევს გეიქორწინებას და ა.შ. ეს არის აბსურდი. ხელისუფლება კი ამას არათუ არ ეწინააღმდეგება, არამედ ხელს უწყობს პრორუსული და ანტიდასავლური პარტიების ხელშეწყობით, პრორუსული და ანტიდასავლური მედიის დაფინანსებით, პროდასავლური პრესისა და პარტიების დევნით. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს ის, რაც დღეს ხდება, ჩვენ უნდა ვიფიქროთ გამოსავალზე", - თქვა ჩერგოლეიშვილმა.

კომენტარები