თბილისის მერია

მერია: ხვალიდან, აეროპორტის მიმართულებით, 10 ახალი ავტობუსი ივლის

თბილისის მერია

2 თებერვლიდან, N37 მარშრუტზე (სადგურის მოედანი-აეროპორტის მიმართულება) 10 ახალი ავტობუსი ივლის. თბილისის მერიის ცნობით, აღდგება ღამის რეისებიც.

23:00-დან დილის 7 საათამდე პერიოდში 30-წუთიანი ინტერვალით სამი ახალი ავტობუსი იმუშავებს. მგზავრობის საფასური 50 თეთრი იქნება. ასევე, ძალაში დარჩება მერიის მიერ დაწესებული შეღავათები.


ფოტო: თბილისის მერია

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი მარშრუტია, ემსახურება როგორც ჩვენს თანამოქალაქეებს, ასევე ტურისტებს. მალე, დედაქალაქის ვიზიტორები, აეროპორტის ტერიტორიაზე, შეძლებენ „მეტრომანის“ ბარათების შეძენას, რომლის საშუალებითაც ისინი მგზავრობის საფასურს გადაიხდიან და ახალი მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა მათთვის კიდევ უფრო კომფორტული გახდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის ცნობით, შემდეგ ეტაპზე ახალი ავტობუსები N14 მარშრუტზე დაინიშნება, რომელიც დიდი დიღმიდან ბარათაშვილის ხიდამდე მოძრაობს.

N51 და N61 მარშრუტებზე ჯამში MAN-ის 25 ავტობუსი დადის.

"ეკოლოგიური-CNG ძრავაზე მომუშავე, შშმ პირებზე ადაპტირებული და ევროსტანდარტების ახალი ავტობუსების მოწოდება მარტში დასრულდება. სულ თბილისი 143 „მანის“ ავტობუსს მიიღებს", - აცხადებს მერია.

კომენტარები