გიორგი ცერცვაძის დაკავება

ხუციშვილი: ქართველ სამხედროებს არანაირი საფრთხე და საშიშროება არ ემუქრებათ

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ვიცეპოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებულ ბრალდებებს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფომ საკუთარი ჯარისკაცი ვერ დაიცვა და რუსეთთან ითანამშრომლა.

"არანაირი ინტერპოლით ძებნა სხვა პირის მიმართ გარდა ცერცვაძისა, არ ხორციელდება - მინდა, დავამშვიდო მოქალაქეები, ვინც არიან უკრაინაში. არავის გადაცემა ჩვენ არ განგვიხორციელებია, რაიმე საფრთხე ან საშიშროება ქართველ სამხედროებს ამ კუთხით არ ემუქრებათ", - თქვა ხუციშვილმა.

გიორგი ცერცვაძე 2017 წლის 15 იანვარს კიევის აეროპორტში დააკავეს. როგორც აღმოჩნდა, რუსეთის ფედერაციის მოთხოვნის საფუძველზე ის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა. მას რუსეთი სოჭში 2003 წელს მომხდარ განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში სდებს ბრალს, თუმცა, ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა 2016 წლის დეკემბერში გამოცხადდა. კიევის საქალაქო სასამართლომ ქართველი ვიცეპოლკოვნიკი წინასწარ პატიმრობაში 40 დღით მოათავსა.

ცერცვაძე აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, ასევე მონაწილეობდა აღმოსავლეთ უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციაში. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართველი სამხედროს პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან აღმოჩნდა. ამასთან, საზოგადოების ნაწილისთვის გაუგებარია, თუ ცერცვაძე წითელი ცირკულარით იძებნებოდა, რატომ გაატარეს ის საქართველოს გამშვებ პუნქტზე. ხელისუფლება მონაცემების რუსეთისთვის გადაცემას კატეგორიულად უარყოფს.

გამომდინარე იქიდან, რომ ცერცვაძე აღმოსავლეთ უკრაინაში იბრძოდა, უკრაინამ ის ქართველი ოპოზიციონერებისა და უკრაინაში ქართული ლეგიონის მოთხოვნის საფუძველზე გაათავისუფლა. თუმცა, საექსტრადიციო შემოწმება უკრაინაში, კანონის თანახმად, გრძელდება. გიორგი ცერცვაძე ამ ეტაპზე უკრაინას თავშესაფარს სთხოვს. "არ გამაფრთხილეს აეროპორტში, გამომიშვეს ქვეყნიდან იმ მიზნით, რომ სხვა ქვეყანა გადამცემდა რუსეთის ფედერაციას. ეს იმას ნიშნავს, რომ არ შემიძლია უსაფრთხოდ ვიგრძნო თავი საქართველოში", - თქვა ცერცვაძემ გუშინ გადაცემა არჩევანში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები