ვიზალიბერალიზაცია

კვირიკაშვილი: ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან დღეს ჩვენ სამაგალითო გვიწოდეს

ტაბულა

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერმა საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მინიჭება მიულოცა.

"დღეს ევროპარლამენტში, საიდანაც ყველაზე უკეთ ისმის ევროპელი ხალხის ხმა, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ევროპის ნაწილია. მოვისმინეთ სიტყვები, რომელმაც შეუძლებელია, არ აგაღელვოს და სიამაყით არ აგავსოს. ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან დღეს ჩვენ სამაგალითო გვიწოდეს, ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესისთვის და მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის",- განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობასა და მიზნობრიობაზე ისაუბრა.

"ევროპასთან დაახლოება მთელი საქართველოს კუთვნილებაა და ჩვენ განსაკუთრებით გვახარებს, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეები ჩვენთან ერთად ისარგებლებენ ყველა იმ სიკეთით, რაც ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობებს მოაქვს - ეს იქნება უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში, ევროკავშირის ბაზარი ბიზნესმენებისთვის, ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა თუ მრავალი სხვა",- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ევროპარლამენტმა დღეს პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ, უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაცია ფორმალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ. 

კომენტარები