რუსთავი 2-ის საქმე

ენმ: უზენაესის მოსამართლეებზე ზეწოლა უპრეცედენტოა, გომელაური უნდა გადადგეს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებას მოუწოდებს, მოსამართლეთა დასაცავად გაერთიანდნენ. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეზე შესაძლო ზეწოლის საკითხზე ბრიფინგი გამართა და სუს-ის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის გადადგომა მოითხოვა.

„ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც მოსამართლეები ღიად საუბრობენ იმ მანკიერ სისტემაზე, რომელიც არათუ არ იცავს მოქალაქეთა უფლებებს, არამედ ებრძვის თავისუფალ მედიას და დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მოქალაქეებს. ეს ნათლად ცხადყოფს, რომ ხელისუფლება ყოველგვარ ზღვარს გადავიდა, ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს, უბრალოდ ამ ქვეყანაში გააუქმოს სახელმწიფო და ყოველივე ამის შემხედვარე დაუშვებელია უკვე დუმილი. მე მოვუწოდებ ყველა პროფესიულ ჯგუფს, ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას, საზოგადოებას, რომ გავერთიანდეთ, როგორც არასდროს. ახლა საჭიროა ერთსულოვნება, ერთ მუშტად შეკვრა. როგორც რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მაგალითი ვაჩვენეთ, გია ცერცვაძის გარშემო მოხდა კონსოლიდაცია, ასეთივე კონსოლიდაციაა ახლა საჭირო მოსამართლეების დასაცავად", - განაცხადა მელიამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ასევე პრეზიდენტს მიმართავს, რომ "მისი კონსტიტუციური ვალდებულებების ფარგლებში აუცილებლად დაიცვას მიუკერძოებელი მოსამართლეების უფლებები". ნიკა მელიამ ასევე აღნიშნა, რომ "ძალიან საინტერესოა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია, საერთოდ რა პოზიცია აქვს ამ ქალბატონს".

"მის უწყებაში ხდება მსგავსი რამ. ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, რომ უზენაესი სასამართლოს ორმა მოსამართლემ მიმართა გენერალურ პროკურატურას, რომ ივანიშვილის ყოფილი დაცვის უფროსის, ვახტანგ გომელაურის უწყება ახდენს ზეწოლას მოსამართლეებზე რუსთავი ორის საქმესთან დაკავშირებით. ამიტომ, არ ვაპირებთ ვიყოთ ჩუმად, ჩვენ ვაპირებთ ძალიან აქტიურად მოქმედებას და გვაქვს კატეგორიული მოთხოვნა - ბატონი გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, ვინაიდან უკვე ნათლად არის ის მოცემულობა, როდესაც ბატონი გომელაური არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტი ივანიშვილის. ამიტომ, არანაირი უფლება არ აქვს ბატონ გომელაურს, იყოს იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც ახორციელებს დაუფარავად, ღიად ზეწოლას მოსამართლეებზე. ეს არის ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა, ენმ-ის დანარჩენ გეგმებზე მოგვიანებით ეცნობება საზოგადოებას", - აცხადებს მელია. 

ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის შესაძლო ზეწოლის საქმეზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. პროკურატურამ გამოძიება 14 იანვარს დაიწყო, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი. პროკურატურაში განმარტავენ, რომ გამოძიების ფარგლებში შეისწავლიან და გამოიკვლევენ 2 დღის წინ ხელისუფლებასთან აფილირებული მედიის მიერ გავრცელებულ საუბარსაც, რომელშიც თითქოსდა მიხეილ სააკაშვილი და დავით საყვარელიძე აღნიშნულ მოსამართლეებზე საუბრობენ. 

დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, დღეს 12 საათზე რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

კომენტარები