არასათანადო მოპყრობა

ომბუდსმენი: მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობს

0 კომენტარი

საქართველოს სახალხო დამცველი მთავარ პროკურატურას პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე მიმართავს.

ომბუდსმენის აპარატის ინორმაციით, მოქალაქე ამბობს, რომ იმერეთის სამხარეო პოლიციის განყოფილებაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით, იზოლატორში ყოფნის პერიოდში, მას ოთხჯერ დასჭირდა სამედიცინო დახმარების გაწევა.

"გ.გ.-ს გადმოცემით, 2016 წლის 10 ნოემბერს, დაკავებისას და შემდგომ, იმერეთის სამხარეო პოლიციის განყოფილებაში, პოლიციის თანამშრომლები თითქმის მთელი ღამის განმავლობაში აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. აღნიშნულ გარემოებას მასთან ერთად დაკავებული სხვა პირებიც ადასტურებენ. დაკავების ოქმის ჩანაწერით, გ.გ.-ს დაკავების დროს სხეულზე დაზიანება არ აღენიშნებოდა, ხოლო დროებით მოთავსების იზოლატორში შედგენილი გარეგნული დათვალიერების ოქმის თანახმად, იზოლატორში შესახლების დროს აღენიშნებოდა დაზიანებები სახის არეში. სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით, იზოლატორში ყოფნის პერიოდში, გ.გ.-ს ოთხჯერ დასჭირდა სამედიცინო დახმარების გაწევა. გ.გ-ს და მასთან ერთად დაკავებული სხვა პირების განმარტებით, გ.გ. დააკავეს 10 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ხოლო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილ დოკუმენტებში ბრალდებულის დაკავების დროდ მითითებულია 11 ნოემბერი, 01:15 საათი. გარდა ამისა, ბრალდებულის დაკავების ოქმის მიხედვით, დაკავებულის პოლიციის განყოფილებაში მიყვანის დროდ დაფიქსირებულია 10 ნოემბერი, 20:40 საათი. აღნიშნული გარემოებები პოლიციის თანამშრომლების მხრიდან გ.გ.-ს დაკავებისას მისი უფლებების დარღვევის ვარაუდს ბადებს, რაც გამოძიების ფარგლებში უნდა იქნეს შესწავლილი", - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენმა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქისადმი შესაძლო არასათანადო მოპყრობისა და სხვა შესაძლო დარღვევების შესახებ გამოძიების დაწყების წინადადებით საქართველოს მთავარ პროკურორს 2017 წლის 1 თებერვალს მიმართა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები