სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის მკვლელობაში ბრალდებულს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის ზიზი შეყილაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მურჯიკნელი დამნაშავედ ცნო და მას 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

"საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული გიორგი მურჯიკნელი და გარდაცვლილი ზიზი შეყილაძე ერთმანეთს პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდიდან იცნობდნენ. 2016 წლის 14 ოქტომბერს, ზ.შ-სა და გიორგი მ.-ს შეხვედრისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფებს მოუვიდათ ურთიერთშელაპარაკება. ბრალდებულმა ზ.შ.-ს აგრესიული ქცევის საპასუხოდ, ბეტონის სამშენებლო ფილა ჩაარტყა თავში და სამზარეულოს დანით ყელის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან კიდევ ერთხელ ჩაარტყა ბეტონის ფილა ზ. შ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა განმარტა, რომ დანაშაული უეცარი, ძლიერი, სულიერი აღელვების ნიადაგზე ჩაიდინა. საქმეში წარმოდგენილ და სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ გიორგი მ. დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობაში. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა წარსულში ჩადენილი სხვა დანაშაულის მოუხდელი ნაწილიდან დაემატა 3 წელი და ბრალდებულს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა" - აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლო.

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში.

თავდასხმის მსხვერპლი ტრანსგენდერი ქალი, ზიზი შეყილაძე, 22 ნოემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის 14 ოქტომბრის შემდეგ კომაში იყო.

კომენტარები