ხანძარი ბავშვთა სამყაროში

დაკავებული მოვაჭრეები სიტყვიერი შენიშვნის შემდეგ გაათავისუფლეს

ტაბულა

თამარ მეფის გამზირის გადაკეტვის გამო დაკავებული ორი პირი მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნის შემდეგ, სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. 

პოლიციამ "ბავშვთა სამყაროს" ორი მოვაჭრე დღეს დააკავა. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. 

”ბავშვთა სამყაროს” მოვაჭრეებმა თამარ მეფის გამზირი სავაჭრო ცენტრში შესვლის მოთხოვნით გადაკეტეს. დაზარალებულების თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიიღეს პირობა, რომ დღეს, 11:00-დან, დამწვარ შენობაში შეუშვებდნენ, თუმცა მათთან არავინ მისულა. დაზარალებულები ამბობენ, რომ თუ დღეს შენობაში არ შეიყვანენ, კუთვნილი ძვირფასეულობის გამოსატანად ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით შევლენ.

30 იანვარს, გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად, "ბავშვთა სამყარო" და ე.წ. საბითუმო ბაზრობა მთლიანად დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ბაზრის ტერიტორიაზე გაჩნდა და შემდეგ, "ბავშვთა სამყაროს" შენობას მოედო.

ამ დროის მონაცემებით, ხანძარს მხოლოდ ოქროს საცავში შენახული ძვირფასეულობა გადაურჩა. ხანძრით დაზარალებულ მოვაჭრეთა ნაწილი კი, "ბავშვთა სამყაროს" შენობაში შესვლას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს. მათი თქმით, ოქრო-ვერცხლის ნაკეთობები დახლებში ჰქონდათ შენახული და არა - სეიფებში. მოვაჭრეები ადგილის დათვალიერებას ითხოვენ, თუმცა, იმის გამო, რომ "ბავშვთა სამყაროში" უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის, მათ შენობაში არ უშვებენ. 

ბავშვთა საყაროს დემონტაჟი გუშინ უნდა დაწყებულიყო, თუმცა, იმის გამო, რომ ხანძრის კერები ბოლომდე ლოკალიზებული არ არის, პროცესი კვლავ გადაიდო.

კომენტარები