აშშ

ტრამპის საიმიგრაციო აკრძალვები ფედერალურმა მოსამართლემ შეაჩერა

სიეტლის ფედერალურმა მოსამართლემ მთელი ქვეყნის მასშტაბით შეაჩერა ტრამპის განკარგულება, რომელიც შვიდი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებსა და ლტოლვილებს აშშ-ში შესვლას დროებით უკრძალავს.

თეთრი სახლი მოსამართლის გადაწყვეტილებას „აღმაშფოთებელს“ უწოდებს და მის გასაჩივრებას აპირებს.

ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში აშშ-ს სასაზღვრო სამსახურმა ავიაკომპანიებს შეატყობინა, რომ მათ შეეძლოთ, ჩვეულ რეჟიმში მომსახურებოდნენ მგზავრებს, რომელთაც ამ დრომდე აკრძალვა ეხებოდათ.

ტრამპის 27 იანვრის განკარგულებით, მომდევნო 90 დღის განმავლობაში აშშ-ში შესვლა ეკრძალებოდათ ირანის, ერაყის, ლიბიის, სომალის, სუდანის სირიის და იემენის მოქალაქეებს. ასევე, 120 დღით ჩერდებოდა შტატების ლტოლვილების პროგრამა, სირიელ ლტოლვილებს კი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა გაუკვეველი ვადით ეკრძალებოდათ.

საიმიგრაციო აკრძალვებს ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ტრამპის განკარგულების შემდეგ, 60 ათასამდე ვიზის მოქმედება შეჩერდა.

ტრამპის საიმიგრაციო აკრძალვებს მრავალი საჩივარი მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონის შტატი იყო პირველი, რომლის საჩივარი აკრძალვის კონსტიტუციურობას ეხებოდა. მოსამართლე ჯეიმს რობარტმა, რომელიც ჯორჯ ბუშის მიერაა დანიშნული, გადაწყვეტილება მთელი ქვეყნის მასშტაბით განავრცო. სხვა მოსამართლეებს მსგავს საქმეებზე ამ დრომდე მხოლოდ ინდივიდუალური გადაწყვეტილებები ჰქონდათ გამოტანილი.

კომენტარები