რუსთავი 2-ის საქმე

R2: ჩვენი საქმის განმხილველი მოსამართლის ძმამ ბიუჯეტიდან 1 მლნ ლარი მიიღო

ნატა ნაზღაიძე
რუსთავი 2

რუსთავი ორის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოში ტელეკომპანიის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარის ნატა ნაზღაიძის ძმამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი მიიღო. კერძოდ, რუსთავი ორის ცნობით, თბილისის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილებით, მოსამართლის ოჯახს თბილისის მერიამ, თბილისის ცენტრში 515 ათას ლარად შეფასებული 5 000 კვადრატული მეტრი მიწა ხუთი დღის წინ გადაუფორმა. 129 000 ლარი მერიამ ნაზღაიძეს ბანკში კრედიტის დასაფარად მისცა, კიდევ 43 000 დოლარი - სხვა საბანკო ვალდებულების გასასტუმრებლად. გარდა ამისა, მერია დამატებით 220 ათას ლარს ზვიად ნაზღაიძეს ბანკში ჩაურიცხავს. 

დავით ნარმანიას არ აქვს ინფორმაცია, რისთვის აძლევს ერთ მილიონს მერია მოსამართლის ოჯახს. მისი თქმით, "დაადგენს ქონების მართვის სააგენტო და მოგაწვდით ინფორმაციას".

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატი ირაკლი აბესაძე მოსამართლე ნაზღაიძის და მისი ძმის შესაძლო კორუფციული სქემის შესახებ გენერალურ პროკურატურაში დღეს განცხადებას შეიტანს. მისი განმარტებით, ნატა ნაზღაიძის ძმა ვერეს ხეობაში 2013 წლიდან მიწის ნაკვეთს ფლობდა. 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ეს მიწის ნაკვეთი სტიქიის ზონაში მოექცა და, შესაბამისად, იქ ნებისმიერი სახის მშენებლობა აიკრძალა. თუმცა, რუსთავი ორის ცნობით, "მერიამ მაინც გადაწყვიტა, რომ ნაკვეთი, რომელსაც არანაირი დანიშნულება არ გააჩნია, სასწრაფო წესით, ორგანული კანონის გადაუდებელი აუცილებლობის მუხლით გამოისყიდოს და თან მიუთითოს, რომ ამ მიწას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თბილისიელებისთვის".

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატი ირაკლი აბესაძე მერიას და საკრებულოს ფულის გაფლანგვაში ადანაშაულებს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია კი ამბობს, რომ მილიონი მოსამართლის ოჯახს კომპენსაციის მიზნით მისცეს.

მოსამართლის ძმა ზვიად ნაზღაიძე რუსთავი ორთან საუბარში ამბობს, რომ "ეს ყველაფერი 2013 წლიდან დაიწყო, რატომ უკავშირებთ ჩემი დის მოსამართლეობას? სხვებმა როგორ მოაგვარეს კომპენსაციები, ჩემი და იყო მაშინაც?".

კომენტარები