ომბუდსმენის განცხადება

ომბუდსმენი: ხელისუფლებამ უნდა აამოქმედოს ყველა ბერკეტი გიუნაშვილის დასაბრუნებლად

უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველი ნანუაშვილი ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ გიორგი გიუნაშვილისთვის 20 წლით პატიმრობის აღკვეთის ფაქტს ეხმაურება. 

უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ეს სამწუხარო ამბავია და საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ გიუნაშვილი რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

"რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა ასეთი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა აამოქმედოს ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს ამ ადამიანის დაბრუნება საქართველოში. ის, პრინციპში, საქართველოშია, მაგრამ საუბარი მაქვს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე", - ამბობს ნანუაშვილი.

გიორგი გიუნაშვილს, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში 2016 წლის 8 ივნისს დააკავეს, მარიონეტული რეჟიმის სასამართლომ 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ე.წ. სასამართლომ განაჩენი 3 თებერვალს გამოიტანა.

„ე.წ. სასამართლოს "გადაწყვეტილება", ისევე, როგორც გიუნაშვილის მიმართ წაყენებული "ბრალდებები", არის გამოგონილი და ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს ყველაფერს გიუნაშვილის უკანონო პატიმრობიდან დასახსნელად”, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

გიორგი გიუნაშვილი საოკუპაციო ძალებმა შარშან ზაფხულში, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი მას დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობას ედავება.

გიუნაშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს და ამბობს, რომ დაკავებულთან არანაირი წვდომა არ აქვს.

კომენტარები