მარგველაშვილი: პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება ქართული ოცნების დაკვეთაა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

გიორგი მარგველაშვილის აზრით, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება არა საზოგადოების, არამედ ქართული ოცნების დაკვეთაა - ამის შესახებ პრეზიდენტმა ტელეკომპანია იბერიას ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, მას ჯერ არ მოუსმენია "ნათელი არგუმენტი", თუ რატომ უნდა ჩამოერთვას ამომრჩეველს პრეზიდენტის არჩევის უფლება.

"ჩვენ, როგორც ამომრჩეველს, უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, ავირჩიოთ ქვეყნის პრეზიდენტი. ნათელი აგუმენტი, თუ რატომ უნდა წაიღონ ჩვენგან ეს უფლება და გადასცენ ვიღაც სხვას, მე ჯერ არ მომისმენია.

როცა ვხედავთ, რომ ქვეყანაში ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთი პოლიტიკური პარტიის ირგვლივ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა იმაზე, რანაირად შევასუსტოთ ინსტიტუტები ბალანსის ნაწილში, არამედ პირიქით - უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ უფრო გავმართოთ სისტემა, რათა დაბალანსების და გაწონასწორების მექანიზმები უფრო ეფექტურად მუშაობდეს", - თქვა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილი ამბობს, რომ ქვეყანა უფრო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ვიდრე პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაა.

"ეს საკითხი დღის წესრიგში არჩევნების შემდეგ დადგა. ეს არამხოლოდ არ იყო საზოგადოების დაკვეთა, არ არის და ვერც წარმომიდგენია, რანაირად უნდა შეუკვეთოს საზოგადოებამ პოლიტიკურ სპექტრს, რომ რამენაირად "უფლება მაქვს და ის უფლება წამართვი". ეს არც საზოგადოების დაკვეთა იყო, არც საარჩევნო კამპანიის თემა, მაგრამ მას შემდეგ, რაც არჩევნების შემდეგ მოხდა ძალაუფლების კონცენტრაცია პარტია "ქართული ოცნების" ხელში, ეს გაჩნდა, როგორც ნომერ პირველი გადასაწყვეტი თემა. ცოტა უცნაურია იმიტომ, რომ, რეალურად, ჩვენი ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რაც მართლა აწუხებს საზოგადოებას, რაც მართლა სახელმწიფოს აწუხებს და რაც გადასაწყვეტი გვაქვს. შესაბამისა, ეს არის პოლიტიკური პარტიის ხედვა, რამდენადაც მე ვხვდები, და ეს ხედვა თავიდანვე, პირველივე კომენტარებში გაჟღერდა, როგორც კი ქართულმა ოცნებამ გააცნობიერა, რომ ჰქონდა საპარლამენტო და საკონსტიტუციო უმრავლესობა", - ამბობს მარგველაშვილი.

კომენტარები