რუსთავი 2-ის საქმე

კანდელაკი: უზენაესის მოსამართლესა და მთავრობას შორის, R2-ზე ვაჭრობა მიმდინარეობს

ტაბულა

მოძრაობა თავისუფლებისთვის ინფორმაციით, "უზენაესი სასამართლოს მოსამართლესა და საქართველოს მთავრობას შორის, რუსთავი ორის თემაზე უკანონო და დანაშაულებრივი ვაჭრობა" მიმდინარეობს. ამის შესახებ გიორგი კანდელაკმა განაცხადა. დეპუტატის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს მიხეილ ჩინჩალაძეს უფლებამოსილების ვადა გასდის და ის ცდილობს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ გამოსაცდელი ვადის გარეშე დაინიშნოს.

"მოგეხსენებათ, რომ ბატონი ჩინჩალაძე არის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი უზენაეს სასამართლოში რუსთავი ორის საქმესთან მიმართებით და იმ ეტაპზე, როცა ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, მაინც მიისაკუთროს ერთადერთი მთავარი პროდასავლური მედია საქართველოში, ბატონ ჩინჩალაძეს გასდის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა უზენაეს სასამართლოში.

მას სურს, რომ დაინიშნოს სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია სამწლიანი გამოსაცდელი ვადა სააპელაციო სასამართლოში დანიშნული მოსამარლეებისთვის. მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნით შემოტანილია პარლამენტში კანონის ნორმა, რომლის მიხედვითაც, თუ ადამიანი წარსულში იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, მისთვის უქმდება სამწლიანი გამოსაცდელი ვადა. ეს არის პოლიტიკური კორუფციის აშკარა ფაქტი.

სხვა საქმეა და ლეგიტიმური დისკუსიაა სამწლიანი გამოსაცდელი ვადის საკითხი - უნდა გაუქმდეს თუ არა იგი ყველა ახლად დანიშნული მოსამართლისთვის, მაგრამ, რა თქმა უნდა, მიუღებელი, უკანონო, დაუშვებელი და დანაშაულებრივია კანონის ნორმის ერთ კონკრეტულ პირზე მორგება, განსაკუთრებით იმ პირზე, რომელიც უკვე შესულია ხელისუფლებასთან უკანონო ვაჭრობასა და უკანონო კომუნიკაციაში, რომელიც არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, რუსთავი 2-ის საკითხთან მიმართებით", - განაცხადა კანდელაკმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე რუსთავი ორის საქმის მოსამართლეებზე ზეწოლაში ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ რამდენიმე თვის წინ დაადანაშაულა.

კომენტარები