რუსთავი 2-ის საქმე

რ2-ის იურისტი პროკურატურის განცხადებაზე: ადგილი აქვს იაფფასიან პროვოკაციას

დიმიტრი საძაგლიშვილი, ადვოკატი
ტაბულა

მთავარი პროკურატურის განცხადება რუსთავი 2-ის ადვოკატებმა შეაფასეს. იურისტ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევის მტკიცებულებებით იკვეთება, რომ "ადგილი აქვს იაფფასიან პროვოკაციას".

"ამ მესიჯებით იკვეთება ის, რომ ადგილი აქვს ძალიან იაფფასიან პროვოკაციას. თვითონ წერილების შინაარსში თუ შევალთ, აქაც გარკვეულწილად სასაცილო ტექსტია გამოყენებული მოსამართლეებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, თვითონ ამ მოსამართლეებმაც კი არ მისცეს მიღებულ წერილებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ზეწოლის კვალიფიკაცია და პირიქით შეაფასეს ეს მათი დისკრედიტაციის მცდელობად",- ამბობს საძაგლიშვილი, ხოლო ადვოკატი თამთა მურადაშვილი აღნიშნავს, რომ მოსამართლეების დისკრედიტაცია სხვადასხვა სააგენტოების საშუალებით წინასწარ მიმდინარეობდა.

"უკვე ძალიან ნათელია სურათი. მიმდინარეობდა მოსამართლეების დისკრედიტაცია განგებ, თან წინასწარ, კონკრეტული სააგენტოების საშუალებით დაანონსდა ეს იფორმაცია. ეს ის მოსამართლეები არიან, რომლებიც უძლებდნენ და დღემდე უძლებენ ალბათ ზეწოლას. აქედან გამომდინარე, ეს სურათი ემსახურებოდა იმას, რომ ხალხისთვის გავრცელებულიყო ინფორმაცია, ვირუსივით გაევრცელებინათ და შეექმნათ აზრი, რომ მოსამართლეები არიან მიკერძოებულები და შესაბამისად, შესაძლოა არ იყვნენ სამართლიანები და არ მიიღონ რუსთავი 2-ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება", - თქვა იურისტმა.

პროკურატურის განცხადებით, 2017 წლის 11 იანვარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ სახლის მისამართებზე დ.საყვარელიძის სახელით მიიღეს წერილობითი მიმართვები, რომლითაც "მიმართვების ავტორი მოსამართლეებს სთავაზობს გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს". [ანალოგიური წერილი წარმოადგინა პროკურატურამ ბესარიონ ალავიძის სახელზე]

პროკურატურა ასევე ასაჯაროებს მოსამართლეების მობილურ ტელეფონებზე უკრაინული ნომრიდან მიღებულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, თუმცა, ამბობს, რომ მათი მფლობელის ვინაობა უცნობია.

გამოძიება მიმდინარეობს სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ, რომლებიც რუსთავი 2-ის საქმეს კოლეგიაში განიხილავდნენ და შემდგომ საქმე დიდ პალატას გადასცეს, მათ საქმიანობაში უხეშად ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას 14 იანვარს მიმართეს. პროკურატურის განცხადებით, მოსამართლეებს წერილები და შეტყობინებები ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით მიუვიდათ. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი ამბობს, რომ მოსამართლეებს საჩივრის შინაარსი ზეწოლით შეაცვლევინეს და სუბიექტად არა მოქმედი, არამედ ყოფილი ხელისუფლება დაასახელებინეს.

კომენტარები