კარასინ-აბაშიძის ფორმატი

კარასინი: ქართველ სამხედროებზე კი არ ვნადირობთ, კრიმინალურ საქმეებს ვიძიებთ

გრიგორი კარასინი

პრაღაში კარასინ-აბაშიძის ფორმატში შეხვედრა მიმდინარეობს, რომლის დაწყებამდეც კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა. მისი თქმით, შეხვედრაზე გიორგი ცერცვაძის საქმეზეც ისაუბრებენ.

"ცერცვაძის საქმეს ვიცნობ და ამ საკითხზე დღეს ვისაუბრებთ. საქმე კრიმინალურ დანაშაულს ეხება, რომელიც მან რუსეთის ტერიტორიაზე 2003 წელს ჩაიდინა. დოკუმენტაცია გვაქვს. ჩვენ უსაფუძვლოდ ინტერპოლში მოთხოვნას არ ვაგზავნით. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ არგუმენტებს გავცვლით, რადგან ეს ჰუმანიტარული საკითხია.

რაც შეეხება ნადირობას ქართველ სამხედროებზე, ასეთი რამ არ ხდება. ჩვენ გამოძიებას ვაწარმოებთ კრიმინალურ საქმეებზე, რომლებიც, სამწუხაროდ, რუსეთის ან საქართველოს ტერიტორიაზეა ჩადენილი. მაგალითისთვის, საქართველოში იმყოფება პიროვნება ლაკაევი, რომელიც აფხაზეთში რუსი დიპლომატის და მისი მეუღლის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ის ახლა პატიმრობაშია და სასჯელს იხდის", - კარასინის ნათქვამს რუსთავი 2 ავრცელებს.

ზურაბ აბაშიძე კი ამბობს, რომ ცერცვაძესთან დაკავშირებული საკითხი დღის წესრიგით არ არის გათვალისწინებული.

შეხვედრაზე ისაუბრებენ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილზე, რომელსაც ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 1978 წელს დაბადებული გიუნაშვილი 2016 წლის 8 ივნისს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები