საკონსტიტუციო სასამართლო

"არა ფობიას": საკონსტიტუციოს მოსამართლედ კობახიძის დასახელება შეშფოთებას იწვევს

0 კომენტარი
არა ფობიას!

პლატფორმა „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მანანა კობახიძის კანდიდატურა შეშფოთებას იწვევს. ამის მიზეზად 9 არასამთავრობო ორგანიზაცია დეპუტატის "მკვეთრად ჰომოფობიურ და არასეკულარულ მიდგომებს", ასევე, "ქსენოფობიური და ჰომოფობიური რადიკალური ჯგუფების მიმართ მხარდაჭერას" ასახელებს.

"პლატფორმა „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციები ვეხმაურებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად მანანა კობახიძის დასახელებას, რომლის უახლოეს წარსულში გაკეთებული არაერთი განცხადება შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის ელემენტებს შეიცავს. მაშინ, როდესაც ხელისუფლებას საჯაროდ აქვს დეკლარირებული ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მხარდაჭერა, ეროვნულ დონეზე საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის, რომელმაც თანასწორობის უფლებასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში არაერთი პროგრესული გადაწყვეტილება მიიღო, მოსამართლედ მსგავსი კანდიდატურის დასახელება სამართლიანად იწვევს ჩვენს შეშფოთებას. საკუთარ განცხადებებში პარლამენტის წევრი მკვეთრად ჰომოფობიური და არასეკულარული მიდგომებით გამოირჩევა. მაგალითად, ერთ-ერთ განცხადებაში, ქალბატონი მანანა კობახიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლგბტ წარმომადგენლის უფლებები დაირღვევა, ყველა ასეთ კონკრეტულ შემთხვევაზე, მას, როგორც დეპუტატს, ექნება შესაბამისი რეაგირება და მიდგომა, თუმცა ამავდროულად დასძენს: „მაგრამ მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და მართლმადიდებელს, მაქვს უფლება მქონდეს შეხედულება ამ შეხედულების გამოხატვის უფლება. თუკი არა ვარ ლესბოსელი, რა, რა უნდა ვქნა”. აღსანიშნავია, რომ იმავე ინტერვიუში მანანა კობახიძე საუბრობს ტელეკომპანია კავკასიაში მომხდარ ინციდენტზე, სადაც რადიკალურად განწყობილმა ჯგუფებმა, რომლებიც გამოირჩევიან შეუწყნარებლობით და ძალადობით სხვადასხვა არადომინანტი ჯგუფების მიმართ, პირდაპირი ეთერი ძალადობრივი ქმედებებით ჩაშალეს. მანანა კობახიძე პირდაპირ გამოხატავს მათ მიმართ სიმპათიას და მხარდაჭერას",- აცხადებენ ორგანიზაციები.

ამავე განცხადების მიხედვით, მანანა კობახიძის სხვა განცხადებებშიც ნათლად იკითხება მისი მტრული დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეების სხვადასხვა ჯგუფების მიმართ და აშკარად გამოხატული ქსენოფობიური და ჰომოფობიური რადიკალური ჯგუფების მიმართ მხარდაჭერა.

"საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს ადამიანების თანასწორობის ფუძემდებლურ პრინციპს, რაც დემოკრატიული და ლიბერალური საზოგადოების როგორც მიზანი, ისე საფუძველია. აღნიშნული პრინციპის პატივისცემა ქვაკუთხედია იმ მოსამართლის კანდიდატურის ადეკვატურად შესაფასებლად, რომელმაც მომავალი 10 წლის მანძილზე ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა. თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის პატივისცემა, არამხოლოდ ნორმატიულად დაწესებული მოთხოვნების შესრულებაში გამოიხატება, არამედ შესაბამისი იდეალების განუხრელ ერთგულებასაც მოითხოვს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურის შერჩევისას ხელისუფლების მიერ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რამდენად აქვს გათავისებული მოსამართლეობის კანდიდატს თანასწორობის პრინციპის სრულფასოვანი დაცვის საჭიროება, რამდენად იცნობს და იზიარებს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების არსს", - აღნიშნულია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"არა ფობიას" მიიჩნევს, რომ კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევა უარყოფით გავლენას იქონიებს ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე.

"სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებთ, ხელმომწერ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი შეკითხვები გაგვაჩნია კანდიდატის როგორც პროფესიულ, ისე ღირებულებით ფასეულობებთან დაკავშირებით. ვთვლით, რომ მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევა ხელისუფლების მხრიდან ერთგვარი გზავნილი იქნება საზოგადოებისადმი და უარყოფით გავლენას იქონიებს უმცირესობების და ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ქვეყნის შიგნით არსებულ ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაზე. შესაბამისად მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, აღნიშნული პოზიცია მხედველობაში მიიღონ საქართველოს პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში", - აღნიშნულია პლატფორმის განცხადებაში.

განცხადებას ხელს 9 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), თანასწორობის მოძრაობა, კავშირი “საფარი”, საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო (TI), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA).

ცნობილია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობა მანანა კობახიძეს წარადგენს, - ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილება სექტემბრის ბოლოს შეუწყდა. ორი მოსამართლე პრეზიდენტმა წარადგინა, ხოლო ერთი - უზენაესმა სასამართლომ. აქამდე ვაკანტურია ერთი მოსამართლის თანამდებობა, რომელიც პარლამენტმა უნდა წარადგინოს და დაამტკიცოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები