ტელევიზორების მწარმოებელი Vizio მომხმარებელთა თვალთვალისთვის დააჯარიმეს

verge

ტელევიზოების ამერიკული მწარმოებელი Vizio მომხმარებელთა თვალთვალისთვის დააჯარიმეს. საქმე კომპანიის სმარტ ტელევიზორებს ეხება, რომლებიც მომხმარებელთა შესახებ მონაცემებს აგროვებდნენ და მას კომპანიას უგზავნიდნენ, რასაც Vizio მარკეტინგული მიზნებისთვის იყენებდა. ჯამში კომპანიამ მონაცემები 11 მილიონი ტელევიზორიდან შეაგროვა. 

Vizio აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის მიერ დაკისრებულ $2.2-მილიონიან ჯარიმას გადაიხდის. კომპანიის განმარტებით, მათ მომხმარებლების პირადი მონაცემები არ შეუგროვებიათ, იმ მონაცემების შეგროვებაზე კი, რაზეც დავა მიმდინარეობს, მომხმარებლებს თავად ჰქონდათ თანხმობა მიცემული.

საქმე ეხება Vizio-ს მიერ 2014 წელს დანერგილ სერვისს, სახელწოდებით "სმარტ ინტერაქტიურობა", რომლის გააქტიურების შემთხვევაშიც მომხმარებლები იღებენ მათთვის უფრო მიმზიდველი პროგრამებისა და რეკლამების შემოთავაზებებს. 

ფედერალური სავაჭრო კომისიის ინფორმაციით, "სმარტ ინტერაქტიურობა" სინამდვილეში იგივე second-by-second ტექნოლოგიაა, რა დროსაც ტელევიზორი აანალიზებს, დროის ნებისმიერ კონკრეტულ მომენტში თუ რა გადის მის ეკრანზე. მათ შორის, ანალიზდება ის სიგნალიც, რაც ტელევიზორზე გარე ფლეიერებიდან (DVD, BluRay, XBOX და ა.შ.) პროეცირდება. ტელევიზორს ასევე ჰქონდა წვდომა სახლის IP მისამართზე და ამ გზით შეეძლო ტრაფიკის კონტროლი.

ამ გზით ტელევიზორი აგროვებდა ინფორმაციას მისი მფლობელების ქცევის შესახებ სხვადასხვა დემოგრაფიულ და ასაკობრივ ჭრილში (არა კონკრეტული პირების, არამედ ფართო კატეგორიების მიხედვით), რასაც შემდგომში კომპანია მესამე პირებზე ყიდდა. 

ფედერალური სავაჭრო კომისიის შეფასებით, კომპანიას მომხმარებელთათვის უნდა განემარტა, თუ რას ნიშნავდა "სმარტ ინტერაქტიურობა", რაც არ გაუკეთებია, რითიც მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონი დაირღვა.

კომენტარები