საზოგადოებრივი მაუწყებელი

ვასილ მაღლაფერიძეს სამეურვეო საბჭო უსმენს

ტაბულა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გენერალურ დირექტორ ვასილ მაღლაფერიძეს ხვდება. ბორდის წევრები მას სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კითხვებს უსვამენ.

შეხვედრა დახურულია და, როგორც ამბობენ, ჩანაწერი საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე, დასრულების შემდეგ, აიტვირთება.

ბორდის წევრის, ქეთევან მსხილაძის თქმით, მას კითხვები ექნება იმ ციფრებთან დაკავშირებით, რომლებიც მაღლაფერიძეს პრეზენტაციაში ჰქონდა წარმოდგენილი.

"რის დაზოგვას აპირებს გენერალური დირექტორი, საიდან აიღო ეს ციფრები, ასევე შენობის, არქივის განახლება-აღჭურვის ციფრი, რომელიც 45 მილიონი იყო, ასევე რას უპირებს ამ თანამშრომლებს, რა გარანტია აქვს, რომ ერთი წლის შემდეგ აღადგენს გადაცემებს, იმ აუდიტორიასაც დაიბრუნებს, რომელიც ახლა ჰყავს საზოგადოებრივ მაუწყებელს. ასევე საიდან მოიტანა ის 410 მილიონი, რა დგას ამის უკან, საიდან მოაქვს ეს ციფრები. გარდა ამისა, პრეზენტაციის მიღმა უამრავი კითხვაა, მათ შორის, როგორ წარმოუდგენია საზოგადოებრივი მაუწყებელი 9 თვის თუ 3 წლის შემდეგ", - თქვა მსხილაძემ.

ვასილ მაღლაფერიძის სტრატეგიით, ტელეკომპანიის ყველა გადაცემა, გარდა მოამბისა, ჩერდება. მისი თქმით, არხი გადაცემებს 2018 წელს განაახლებს, თუმცა, რომელი გადაცემები აღდგება და შენარჩუნდებიან თუ არა არსებული თანამშრომლები, უცნობია. ამ დროისთვის არხზე 1300-მდე თანამშრომელი მუშაობს. მაღლაფერიძე ამბობს, რომ უნდა გამოიცვალოს ტექნიკა და შეიცვალოს შენობაც. გენერალური დირექტორის სტრატეგიას აპროტესტებენ ტელევიზიასთან შეკრებილი მოქალაქეები და აკრიტიკებს სამოქალაქო სექტორი.

კომენტარები