საზოგადოებრივი მაუწყებელი

ანთაძე: სასიამოვნოა, თუ პრემიერის ხედვა ემთხვევა ჩვენსას, ეს გვაძლიერებს

ია ანთაძე
GDS

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩევლის ია ანთაძის თქმით, სასიამოვნოა, თუ GPB-სთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრის ხედვა ტელევიზიის მენეჯმენტის ხედვას ემთხვევა. ანთაძეს გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელ განცხადებაზე ჰკითხეს. პრემიერმა საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა.

"მთავარი საფუძველი არის ის, რომ რეფორმა უნდა განხორციელდეს და ტელევიზია უნდა გახდეს ლიდერი მედიაბაზარსა და მედიასივრცეში, თუ პრემიერიც ასე ხედავს, ეს არის ძალიან სასიამოვნო ჩვენთვის, მაგრამ ამ ხედვის გარეშეც, ჩვენ ვართ მოსული იმისთვის, რომ ეს რეფორმა განხორციელდეს, თუმცა ის, რომ მისი ხედვა ემთხვევა ჩვენს ხედვას, არის პირადად ჩემთვის ძალიან სასიამოვნო, იმიტომ, რომ ნებისმიერი ადამიანის ხედვა, რომელიც ჩვენსას ემთხვევა, ჩვენ გვაძლიერებს, მათ შორის პრემიერის" - განაცხადა ანთაძემ.

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს თქვამ რომ "ხელისუფლება დაინტერესებულია, საქართველოს ჰყავდეს თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი, დამოუკიდებელი და საინტერესო საზოგადოებრივი მაუწყებელი. ჩვენ ათეულობით მილიონ ლარს ვიხდით ამ პროდუქტში და ვერ შევეგუებით, რომ ამ თანხის შედეგად, მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება თანამედროვე, არ იქნება საინტერესო. გვინდა, რომ იყოს ჭეშმარიტად საზოგადოების ინტერესების გამომხატველი ტელევიზია".

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის სტრატეგიით, ტელეკომპანიის ყველა გადაცემა, გარდა მოამბისა, უნდა შეჩერდეს. მისი თქმით, არხი გადაცემებს 2018 წელს განაახლებს, თუმცა, რომელი გადაცემები აღდგება და შენარჩუნდებიან თუ არა არსებული თანამშრომლები, უცნობია. ამ დროისთვის არხზე 1300-მდე თანამშრომელი მუშაობს. მაღლაფერიძე ამბობს, რომ უნდა გამოიცვალოს ტექნიკა და შეიცვალოს შენობაც. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი დღეს ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს წევრებს შეხვდა. ვასილ მაღლაფერიძის თქმით, "ჩვენი გეგმა, რასაკვირველია, შეიძლება არამარტო გადაიხედოს, არამედ შეიძლება გვერდზეც გადაიდოს". მისი თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არსებულ ვითარებას აღარ დაუბრუნდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ბორდის წევრები მომავალ ხუთშაბათს წარმოადგნენ საკუთარ ხედვას იმის შესახებ, თუ რეიტინგის გარდა, კიდევ რა კრიტერიუმით შეიძლება შეფასდეს მაუწყებლის საქმიანობა.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ცენტრალური ბიუჯეტი 46.4 მილიონი ლარით დააფინანსებს. ეს 2016 წელთან შედარებით, 2.4 მილიონი ლარით, 2015 წელთან შედარებით კი 5 მილიონით მეტია. შედარებისთვის, გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ამაზე 11 მილიონით ნაკლებია და 35 მილიონს შეადგენს.

დახარჯული თანხის მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი დაბალია, TVMR-ის მონაცემებით, იანვრის ბოლო კვირაში საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი 3.3% იყო. შედარებისთვის - რუსთავი 2-ის რეიტინგი 28.9%, იმედის რეიტინგი კი 26.5% იყო.

კომენტარები