საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზმაუსთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილი ტელევიზიის შენობაში შეიჭრა

საზოგადობრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილი ტელევიზიის შენობაში შეიჭრა. აქციია მონაწილეები არხზე პირდაპირი ეთერის მათთვის დათმობას ითხოვენ. შენობიდან მათ გაყვანას დაცვის სამსახური ცდილობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე მუშტის” მიერ არის ორგანიზებული, ისინი მაუწყებლის გარშემო მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ. აქციას პროფკავშირებისა და ”აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებმა შენობა მალევე დატოვეს. მას შემდეგ რაც, მაუწყებელმა მათ პირდაპირი ეთერი დაუთმო. 

აქციის მონაწილეებმა პირდაპირ ეთერში განცხადება წაიკითხეს და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშორმლებს სოლიდარობა გამოუცხადეს და მათ საერთო ინტერების გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდეს. 

"სოციალური პრობლემები რომლებიც საზოგადოებაში დაგროვდა საჭიროებს ფართო დისკუსიას და ფართო გაშუქებას. ჩვენ მიგვაჩნია რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ერთადერთი სივრცე, რომელშიც პარტიული და კომერციული ინტერესების გარეშე შესაძლებელია საზოგადოების ხმის გაჟღერება. ამასთანავე მიგვაჩნია, რომ თავისუფალი სიტყვის გარანტი ქვეყანაში არის ძლიერი პროფკავშირი და ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს და ჟურნალისტებს გაერთიანდნენ საერთო ინტერესების დასაცავად. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს თავინთი სოციალური უფლებებისთვის ბრძოლის ყველა ეტაპზე ჩვენ სოლიდარობას გამოვუცხადებთ. გათავისუფლებისათვის განწირულმა პროცესიონალებმა უნდა იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო თქვენს ბრძოლაში." - ნათქვამია აქციის მონაწილეების მიერ მომზადებულ განცხადებაში. 

არხის ახალი გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის სტრატეგიით, ტელეკომპანიის ყველა გადაცემა, გარდა მოამბისა, ჩერდება. მისი თქმით, არხი გადაცემებს 2018 წელს განაახლებს, თუმცა, რომელი გადაცემები აღდგება და შენარჩუნდებიან თუ არა არსებული თანამშრომლები, უცნობია. ამ დროისთვის არხზე 1300-მდე თანამშრომელი მუშაობს. მაღლაფერიძე ამბობს, რომ უნდა გამოიცვალოს ტექნიკა და შეიცვალოს შენობაც. 

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ცენტრალური ბიუჯეტი 46.4 მილიონი ლარით დააფინანსებს. ეს 2016 წელთან შედარებით, 2.4 მილიონი ლარით, 2015 წელთან შედარებით კი 5 მილიონით მეტია. შედარებისთვის, გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ამაზე 11 მილიონით ნაკლებია და 35 მილიონს შეადგენს.

დახარჯული თანხის მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი დაბალია, TVMR-ის მონაცემებით, იანვრის ბოლო კვირაში საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი 3.3% იყო. შედარებისთვის - რუსთავი 2-ის რეიტინგი 28.9%, იმედის რეიტინგი კი 26.5% იყო.

კომენტარები