საზოგადოებრივი მაუწყებელი

GPB-ის ბორდი: შენობაში შემოჭრას ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლად ვაფასებთ

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს მაუწყებლის შენობასთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ დღეს გამართული აქციის მონაწილეები ნებართვის გარეშე შეიჭრნენ შენობაში და ძალადობრივი გზით გავიდნენ ეთერში, რასაც საბჭო "ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლად და საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის უხეშ ხელყოფად" აფასებს.

"ძალადობრივ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს. მომხდარი ფაქტი არის სახიფათო პრეცედენტი, საგანგაშო სიგნალი, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდგომ ნორმალურ ფუნქციონირებას. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში და პირდაპირ ეთერში შეჭრის ფაქტი უნდა გახდეს საზოგადოების მხრიდან აქტიური მსჯელობის საგანი, რათა ადეკვატურად გავაცნობიეროთ მომხდარის მნიშვნელობა და თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები. მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, მედიის ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს - ნუ წაახალისებენ ძალადობას და გაემიჯნონ აგრესიულ ქმედებებს", - წერია ბორდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საზოგადობრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილი დღეს ტელევიზიის შენობაში შეიჭრა. ისინი არხზე პირდაპირი ეთერის მათთვის დათმობას ითხოვდნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე მუშტის” მიერ არის ორგანიზებული, ისინი მაუწყებლის გარშემო მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებდნენ. აქციას პროფკავშირებისა და ”აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

 

კომენტარები