თავდაცვის სამინისტრო

ავტოავარიის შედეგად, ექვსი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავტოავარიის შედეგად, ექვსი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა სიმონეთის პოლიგონზე სწავლებაში მონაწილეობის მიზნით გადაჰყავდათ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოლონა დასახლებულ პუნქტ სიმონეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაადგილების წესების დაცვით, სამხედრო პოლიციის ესკორტით მოძრაობდა, თუმცა, ავტომანქანა ტალახში მოსრიალდა, რის შედეგადაც, ხეს შეეჯახა და 6-მა სამხედრო მოსამსახურემ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. სამხედროები გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

თავდაცვის უწყების ცნობით, სამინისტროს სამხედრო პოლიციამ გამოძიება სსკ-ის მე-400 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. მუხლი გულისხმობს საბრძოლო სპეციალური, ან სატრანსპორტო მანქანის მართვის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება.

სამხედროები ავტოავარიაში რამდენიმე თვის წინაც მოყვნენ. 2016 წლის ოქტომბერში, კახეთში სოფელ ბოდბესთან, სამხედრო მოსამსახურეებით სავსე ავტომანქანა გადატრიალდა. შედეგად, ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ათობით დაშავდა. მანქანაში სულ 37 სამხედრო იმყოფებოდა. დაშავებულები დედოფლისწყაროს და წნორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

კომენტარები