ფარული მოსმენები

ნოზაძე: ინაურის დროს 25 აბონენტის მოსმენა შეგვეძლო, ენმ-ს დროს უსმენდნენ ყველას

ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტზე მსჯელობისას საბჭოთა და შევარდნაძის დროინდელი პრაქტიკა გაიხსენა.

"ინაურის დროს მხოლოდ 25 ტელეფონის ერთდროულად მოსმენა იყო შესაძლებელი. დღეს ელისაშვილმა თქვა, 45 ათას აბონენტს უსმენენო. უსმენდნენ მხოლოდ საქმის ფიგურანტებს - უიშვიათეს შემთხვევაში შეიძლებოდა ჩართვა. მართალია, კანონმდებლობა ლოიალური იყო იმ თვალსაზრისით, რომ გენერლის ნებართვა საკმარისი იყო, რომ ჩაგვერთო და მოგვესმინა. ინაურის დროს, მხოლოდ 25 აბონენტი შეგვეძლო აგვეყვანა კონტროლზე. ჩემი ბიოგრაფია დევს ყველგან. შევარდნაძის დროს, რამდენიმე ათეული აბონენტის ჩართვა იყო შესაძლებელი, დაახლოებით 100-მდე ტელეფონის, ყველაფერი კონტროლდებოდა, სასამართლოები გვაძლევდნენ ნებართვას. ჩემმა ბიოგრაფიამ ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია?" - თქვა ფრაქცია ქართული ოცნება-მრეწველების თავმჯდომარემ.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქმართველოს დეპუტატმა ოთარ კახიძემ ნოზაძეს ჰკითხა - "ანუ მაშინ უფრო დაცული იყო ადამიანის უფლებები?"

"90-იანებში დივერსიები ხდებოდა, ფეთქდებოდა მაღალი ძაბვის ანძები, მაშინ გადაუდებელი აუცილებლობა იყო, რომ მოგვესმინა და გაიხსნა კიდეც საქმე. შემდეგ, ეს მოსმენაც დაკანონდა სასამართლოს მიერ. ისეთი მასობრივი დარღვევები ადამიანის უფლებებისა, როგორიც 2000-იან წლებში იყო, ბატონი სააკაშვილის ხელისუფლების დროს, მე არ მინახავს, შეიძლება სხვას უნახავს. უსმენდნენ ყველას. რეგიონებში, რაიონებში, თვითონ უშიშროების ქვედანაყოფებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ქვედანაყოფში და, მაპატიეთ ამ ჟარგონისთვის, სხვას ვერ ვნახულობ, კაიფობდნენ. ვისაც უნდოდათ - ჩასვამდნენ, მოუსმენდნენ. ერთმანეთსაც ეუბნებოდნენ - "გინდა იმას მოვუსმინოთ". იყო ასეთი ფაქტები, თქვენც გეცოდინებათ. იყო ასეთი ფაქტები, უფრო დაახლოებული იყავით იმ ხელისუფლებასთან იმიტომ, რომ მე არ მითანამშრომლია სააკაშვილის ხელისუფლებასთან. ახლა, არის ინიციატივა, რომ კანონიერ ფარგლებში მოექცეს ეს ყველაფერი. მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ 45 ათასი აბონენტი იყოს ჩართული იმიტომ, რომ მოსმენა ისეთი რამეა, მისი ანალიზი უნდა გაკეთდეს და მერე ოპერმუშაკმა გადაწყვიტოს. შეუძლებელია უბრალოდ ამის გაკეთება", - თქვა სიმონ ნოზაძემ.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრმა ელენე ხოშტარიამ ნოზაძეს მიმართა: "თქვენ რას აკეთებთ, იმაზე ისაუბრეთ. ისტორიულ წიაღსვლებში რომ ხართ. რასაც გინდათ, იმას აკეთებთ და "აპრავებთ".

ქართული ოცნება - მრეწველების თავმჯდომარე ფიქრობს, რომ შესაძლებელია, ინიცირებულმა კანონპროექტმა ოპერატიულობაზე მოახდინოს გავლენა, თუმცა "დავაკვირდეთ ერთი წელიწადი თუ ორი წელიწადი და ჩვენს ხელში იქნება, შევცვლით, თუკი ვერ იმუშავებს".

"ქალბატონო ეკა [ბესელია], ასეთი კითხვა მაქვს, ჩვენ ისეთ ბარიერებს ხომ არ ვქმნით, რომ ოპერატიულობა დავუკარგოთ ამ ქვედანაყოფს. გასაგებია, რომ გამოძიება არ უნდა ჰქონდეს საგამოძიებო სამსახურს და ოპერატიულ სამსახურს. გამოძიება ეხება უკვე მომხდარ ფაქტს. ტერაქტი რომ მოხდეს? პრევენცია ხომ უნდა მოხდეს და რომ დააგვიანდეს, ამაზე ვინ არის პასუხისმგებელი? მოსმენა მხოლოდ მოსმენისთვის გვინდა? - იმისთვის, რომ მან სათანადო შედეგი მოიტანოს. მეგობრებო, მე ასე მგონია, ამაზე უკეთეს კანონს ვერ მივიღებთ. ქალბატონო ანა, თუ ამ კანონმა არ იმუშავა, თუ ხარვეზები იქნა, რა მოხდა, ისევ ჩვენს ხელში არ არის ყველაფერი? მე მეშინია, რომ ამ ყველაფერმა ოპერატიულობაზე არ მოახდინოს გავლენა. ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, დავაკვირდეთ ერთი წელიწადი თუ ორი წელიწადი და ჩვენს ხელში იქნება, შევცვლით, თუკი ვერ იმუშავებს", - ამბობს ნოზაძე.

აღსანიშნავია, რომ სიმონ ნოზაძე 1982-94 წლებში მუშაობდა სსსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საქართველოს უშიშროების სამინისტროში. მან მუშაობა ოპერრწმუნებულის თანამდებობდიდან დაიწყო და ბოლოს სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე გახდა. ამის შემდეგ 1998 წლამდე, ნოზაძე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. 1998-2002 წლებში ის სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2013-დან 2016 წლამდე ნოზაძე მუშაობდა სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურში ჯერ დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, შემდეგ მთავარი სამმართველოს უფროსად, ხოლო ბოლოს სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის უფროსის კონსულტანტად. 2016 წლიდან ნოზაძე საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი და ფრაქცია ქართული ოცნება - მრეწველების თავმჯდომარეა.

კომენტარები