თბილისის საქალაქო სასამართლო

საქალაქო: ნანუაშვილი მიზანმიმართულად ეწევა სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმიანება სახალხო დამცველის განცხადებას საერთო სასამართლოებში სისტემური ხარვეზების თაობაზე. კერძოდ, უჩა ნანუაშვილი უკმაყოფილოა სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებული პირის სასარგებლოდ დასრულებული შრომითი დავით. ომბუდსმენის შეფასებით, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები სახალხო დამცველის აპარატისადმი მიმართული დისკრედიტაციაა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო უჩა ნანუაშვილის ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველს დაევალა მოსარჩელის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. აღნიშნულ დავაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

"სასამართლო მიიჩნევს, რომ უჩა ნანუაშვილი მიზანმიმართულად ეწევა სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას. პირადი დაინტერესების მოტივით გაკეთებული განცხადებები ემსახურება სასამართლოს საქმიანი რეპუტაციის შელახვას. სახალხო დამცველის განაწყენებული პოზიცია გამოწვეულია მისი სუბიექტური დამოკიდებულებით საქმის შედეგის მიმართ.

სასამართლო შეახსენებს უჩა ნანუაშვილს, რომ მისი, როგორც სასამართლო დავაში მონაწილე მხარის საჯარო გამოსვლა და ამ ფორმით სასამართლოს გადაწყვეტილების კრიტიკა განსაკუთრებით მიუღებელია საქართველოს სახალხო დამცველის სტატუსის გათვალისწინებით.

უჩა ნანუაშვილი გაკვირვებულია მითითებულ დავაზე საქმის განხილვის ვადის სიმცირით მაშინ, როდესაც შრომითი კატეგორიის დავებზე სასამართლოს კანონმდებლობით განსაზღვრული ერთთვიანი განხილვის ვადა აქვს. უჩა ნანუაშვილი მიუთითებს, რომ მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება არის ტენდენციური და უპრეცედენტო, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს, კერძოდ, 2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად განიხილა შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული 163 ადმინისტრაციული საქმე, რომელთაგან 125 დასაქმებული პირების სასარგებლოდ გადაწყდა", - აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლო და დაუშვებლად მიიჩნევს "საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას".

"მით უფრო, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ისეთი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ინსტიტუტის მხრიდან, როგორიც საქართველოს სახალხო დამცველია. უჩა ნანუაშვილის მოქმედებები ზიანს აყენებს როგორც სასამართლოს ავტორიტეტს და პრესტიჟს, ასევე სახალხო დამცველის ინსტიტუტს", - აცხადებს სასამართლო.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, "ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების ხარისხი, რომელიც უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. როგორც თბილისის საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოებმა ილია ჭანტურაიას არცერთი ქმედება არ დააკვალიფიცირეს, როგორც დისციპლინური გადაცდომა".

კომენტარები