საქართველოს პარლამენტი

მდინარაძემ, ოპოზიციის საპასუხოდ, იმედში სპეცრაზმის შესვლის ამსახველი ბანერი გაშალა

ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, მამუკა მდინარაძემ "მოძრაობა თავისუფლებისთვის" დეპუტატების საპასუხოდ, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, 2007 წელს ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შესვლის ამსახველი ბანერი გაშალა.

"როდესაც ამ პლაკატებს გამოაკრავთ, როგორც მინიმუმ, არ უნდა დაგვავიწყდეს რა ბექგრაუნდი აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც ასე ძალუმად იღწვიან იმისათვის, რომ ვიღაცის დაანახონ, რომ თითქოს მედია არ არის თავისუფალი და მედიაზე ვიღაცა შტურმს ახორციელებს. არ ვიცი ამას რაღა ჰქვია, როცა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ამბობენ გვისმენენ და ხალხი ჩურჩულით ლაპარაკობსო. არ ვიცი იმას რაღა ჰქვია, როცა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნელები ამბობენ, რომ მედიაზეა ზეწოლა და აპროტესტებენ მედიაზე შტურმს. და ბოლოს, იმისათვის, რომ კარგად გაიხსენოთ ხოლმე ეს ამბავი და როგორ იქნება უფრო ლოგიკური, როდესაც მედიაზე შტურმს გააპროტესტებთ, როგორც მინიმუმ, ესეც უნდა მიაკრათ გვერდით. შემდეგ გაიხსენოთ რას აკეთებდით გუშინ და როდესაც ამას გააკრავთ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება ბატონებო. ამას მე თქვენ გაჩუქებთ, რომ არ დაგვავიწყდეს რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. სხვათაშორის, კარგი ხარისხის არის, სკოჩებით დაკვრა არ დაგჭირდებათ და შეგიძლიათ პირდაპირ გააკრათ, თუ ამისი ნება გექნებათ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მის გამოსვლას საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ტაში მოჰყვა. 

მდინარაძეს ბანერი "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" დეპუტატმა, აკაკი ბობოხიძემ გამოართვა.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოსა და ქართული ოცნების დეპუტატებს შორის პლენარული სხდომის დაწყებამდე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. უმცირესობის წევრებს უმრავლესობის წევრები სხდომათა დარბაზში არ აშლევინებდნენ ბანერს, რომლითაც დეპუტატები რუსთავი 2-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს აპროტესტებდნენ.

საბოლოოდ, დეპუტატებმა ბანერი წარწერით "არა მედიაზე შტურმს" სხდომათა დარბაზში გაშალეს.

კომენტარები