თბილისის მერია

თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე 13 ადამიანი დააკავეს

თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე 13 ადამიანი დააკავეს - ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შსს-მ დაუდასტურა. საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებულ აქციის მონაწილეები მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის თბილისის მერიიდან რამდენიმე მილიონის გადაცემას აპროტესტებენ და დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლა უნდოდათ, თუმცა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით მიმდინარეობს. 177-ე მუხლის დარღვევა ითვალისწინებს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთიდან ექვს თვემდე ვადით, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით. 166-ე მუხლის დარღვევა კი ითვალიწინებს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.

კომენტარები