გიორგი მამალაძის საქმე

სამადაშვილი მამალაძეზე: კარგი იქნებოდა პარლამენტში სპეციალური ჯგუფის შექმნა

ტაბულა

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მამა გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში სპეციალური ჯგუფის შექმნა სურს. ამის შესახებ ენმ-ის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"ეს არის უკიდურესად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების საქმე. მოველით, რომ პროკურატურა მუდმივ რეჟიმში ინფორმაციას მოგვაწოდებს. კარგი იქნებოდა პარლამენტში სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს ყველა დეტალი, რომელიც შესაძლოა პროკურატურამ ამ ეტაპზე საჯაროდ ვერ გააჟღეროს", - ამბობს სალომე სამადაშვილი.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. უწყების ცნობით, დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. ამასთან, მამა გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქმეზე მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, თუმცა, "საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე", პროკურატურა მათ გასაჯაროებას და "დეტალებზე საუბარს" არ აპირებს. შოთაძის თქმითვე, ამ ეტაპზე, დანაშაულის სავარაუდო მოტივი - ანგარებაა. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, საქმეს "არანაირი გრიფი საიდუმლო არ ადევს".

კომენტარები